საცხოვრებელი სადგომით მოსარგებლე 1000-მდე ოჯახი 2012 წლის 1-ელ იანვარს უსახლკაროდ აღარ დარჩება. აღნიშნულ საკითხს "საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ" კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ ლაშა თორდიამ წარმოადგინა.
ამიერიდან საცხოვრებელი სადგომის მფლობელების კანონით გარანტირებული უფლების რეალიზაციის შესაძლებლობა კონკრეტული ვადით შეზღუდული აღარ იქნება.
მხარეებს შორის არსებული უთანხმოების მოსაგვარებლად მესაკუთრესაც და მოსარგებლესაც სასამართლოსთვის მიმართვა შეეძლებათ. თუ მესაკუთრის ადგილსამყოფელის დადგენა შეუძლებელია, მოსარგებლეს უფლება ენიჭება მისი უფლებების რეალიზიციის მიზნით სასამართლოს მიმართოს, რომელიც ამის შესახებ საჯარო შეტყობინებას განახორციელებს.
თორდიას განცხადებით, აღნიშნული კანონპროექტი შუალედური ვარიანტია, რომელიც იცავს როგორც მოსარგებლის უფლებებს, ისე მესაკუთრეებისას.