"ძალიან გვინდა, ვერიკო ანჯაფარიძის თეატრი კამერულ ხელოვნებას დავუბრუნოთ", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ნიკუშა შენგელაიამ.
"სამწუხაროდ, ეს არის ფინანსებზე დამოკიდებული. თუ რამე მომავალში გამოჩნდება, გვაქვს გეგმები, რომ ეს სივრცე ისევ თეატრს და ხელოვნებას დაუბრუნდეს. ახლა ჯერჯერობით არ ფუნქციონირებს, არც სპექტაკლები იდგმება და არც საღამოები ეწყობა. კულტურას და თეატრებს არ აფინანსებენ. არც სპონსორები და არც ხელისუფლება, ისეთი დოზით, რომ ამ თეატრმა იფუქციონიროს", - განაცხადა შენგელაიამ.
შეგახსენებთ, რომ სოფიკო ჭიაურელისა და კოტე მახარაძის მიერ დაარსებულ "ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის ერთი მსახიობის თეატრში", დაფინანსების შეწყვეტის გამო, სპექტაკლები აღარ იდგმება. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ნიკუშა შენგელაიამ განუცხადა, მერიის დაფინანსების შეწყვეტა თეატრის იურიდიული სტატუსის არარსებობიდან გამომდინარეობს.
"არანაირი დაფინანსება არ გვაქვს, არ არის გათბობა და ის პირობები, რომ სპექტაკლები დაიდგას. სამწუხაროდ, მუნიციპალიტეტი ვერ აფინანსებს, იმიტომ რომ ეს კერძოა და არ შედის მათ საკუთრებაში. კერძო სტრუქტურებს კი თეატრის დაფინანსებას ვერ მოსთხოვ", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას შენგელაიამ.
შეგახსენებთ, რომ თეატრს ფინანსური პრობლემები 2010 წლის თებერვალში შეექმნა, როდესაც მერიამ თეატრს დაფინანსება შეუწყვიტა, მიზეზად კი თეატრის იურიდიული სტატუსის არარსებობა დასახელდა.
თეატრს ნიკუშა შენგელაია სოფიკო ჭიაურელის გარდაცვალების შემდეგ ხელმძღვანელობს.