საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ბანკის სათავო ოფისის ახალი შენობა გახსნის დროს სიტყვით გამოსვლისას მსოფლიოში არსებულ რთულ ეკონომიკურ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს პროცესები საქართველოს ეკონომიკაზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს.
"ევროპაში არის დიდი ეკონომიკური მიწისძვრა. ამ მიწისძვრის მიწისქვეშა ბიძგებს, რა თქმა უნდა, ვგრძნობთ, მაგრამ ამან ჩვენთან ვერ უნდა გამოიწვიოს ეკონომიკური ნგრევა, რადგან ქართული ეკონომიკის განვითარება ბოლო წლების განმავლობაში სწორი მიმართულებით მიდის. ეს ეკონომიკა არ არის გადახურებული, არ ეფუძნება სპეკულაციას და პირამიდის სქემებს. გვაქვს ძალიან დაბალი საბიუჯეტო დეფიციტი, ეს არის ეკონომიკა, რომელშიც არის ძალიან დაბალი ვალის შესაბამისობა ერთიან ეროვნულ პროდუქტთან", _ განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, ამ დროისთვის საგარეო ვალი საქართველოს უფრო დაბალი აქვს, ვიდრე 2004 წელს.
"დადებითი ტენდენციაა ის, რომ პირველად ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენთან დაიწყო უმუშევრობის კლება", _ განაცხადა სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ბანკის სათავო ოფისის ახალი შენობა გახსნა. "ძველი შენობების ახალი სიცოცხლე", - ასე უწოდა პრეზიდენტმა საქართველოს ბანკის ახალ სათავო ოფისს, რომელიც საგზაო დეპარტამენტის ყოფილ შენობაში განთავსდა. შენობის გახსნას ეროვნული საქართველოს ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე და საქართველოს ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე ესწრებოდნენ.