საქართველოს ბოლივუდის პროდიუსერთა 36-კაციანი ჯგუფი ეწვევა, მათ შორისა რუპი ნაიკი, ჯორჯ პიუსი, სურეშ ბალაჯე.
საინვესტიციო სააგენტოს ინფორმაციით, 17 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით თბილისში, ბორჯომსა და რუსთავში იწყება ცნობილი ინდური ბლოქბასტერის "BILLA"-ს მეორე ნაწილის გადაღებები. "BILLA II" პირველი ინდური ფილმია, რომლის გადაღებებიც იწარმოებს საქართველოში.
აღსანიშნავია, რომ ეს ინდური კინოინდუსტრიის წარმომადგენლების მეოთხე ვიზიტია საქართველოში. აგვისტოში პროდიუსერების ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს სტუდია "მეტროსთან", რომელიც პროდიუსერებს უზრუნველყოფს ფილმის გადასაღებად საჭირო აპარატურით. მსახიობთა სააგენტო "ჯი-არტთან" თანამშრომლობის შედეგად შეირჩა ქართველ მსახიობთა ჯგუფიც.
საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო უკვე ცხრა თვეა თანამშრომლობს "ბოლივუდთან". შედეგად გაფორმდა ორი მემორანდუმი, იწყება პირველი ფილმის გადაღებები, ხოლო უახლოეს მომავალში დაგეგმილია მორიგი ინდური ფილმის გადაღება საქართველოში. საინვესტიციო სააგენტო ასევე აქტიურად თანამშრომლობს წამყვან ჩეხ პროდიუსერთან, ვაცლავ მარჰოულთან, რომელიც ბოლო 2 თვის განმავლობაში ორჯერ ეწვია საქართველოს და წარმატებული გამოცდილების გაზიარების მიზნით გამართა შეხვედრები კინოინდუსტრიის წარმომადგენლებსა და სამთავრობო სტრუქტურებთან. მიმდინარეობს მოლაპარაკებები უკრაინელ პროდიუსერებთანაც.
ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოში განმარტავენ, რომ მათ ბოლივუდთან და სხვადასხვა ქვეყნის წამყვან პროდიუსერებთან თანამშრომლობის მეშვეობით თავისი მოკრძალებული წვლილი შეაქვს ქართული კინოინდუსტრიის განვითარებაში. საერთაშორისო კინოკომპანიების ჩამოსვლა ქმნის დამატებით სამუშაო ადგილებს, ახდენს ქვეყნის პოპულარიზაციას, ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას და ამასთანავე წარმოადგენს სტიმულს მთელი რიგი სხვა სფეროების აქტიური წინსვლისათვის, რაც საჭიროა მაღალი დონის კინოპროდუქტის შესაქმნელად.