საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძის განცხადებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთში ჩატარებული ე.წ. არჩევნები მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ არალეგიტიმურად და არასამართლიანად აღიარა.
როგორც პარლამენტის დღევანდელ ბიუროს სხდომაზე დავით ბაქრაძემ განაცხადა, ე.წ. სამხრეთ ოსეთში ჩატარებული ვერანაირი პროცესი ლეგიტიმურად ვერ ჩაითვლება, სანამ ხალხი, ვისი აზრიც იქ უნდა დაფიქსირდეს, საკუთარ სახლებში არ დაბრუნდება.
"მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ ეს შეფასება გააკეთა. მათ შორის ევროკავშირმა გაავრცელა ოფიციალური განცხადება, რომ ეთნოწმენდის პირობებში ჩატარებულ არჩევნებს ვერ დაერქმევა ლეგიტიმური. ეს გაგრძელდება, მანამ, სანამ მოსახლეობას არ ექნება საკუთარ სახლებში დაბრუნების საშუალება", - განაცხადა ბაქრაძემ
შეგახსენებთ, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთში "საპრეზიდენტო არჩევნები" გუშინ გაიმართა. პირველ ტურში ანატოლი ბიბილოვი 25,44%-ით ლიდერობს, მეორე ადგილზე კი, 25,37%-ით ალა ჯიოევაა.