16 ნოემბერს საქართველოს ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი კომისარი კეტრინ ეშტონი ეწვევა. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეს ეშტონის მეორე ვიზიტია საქართველოში და ის შეხვედრებს გამართავს როგორც საქართველოს პრეზიდენტთან, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრთანაც.
„დაგეგმილია რეგიონული ტურის ფარგლებში. მას აქვს განსაზღვრული მთელი რიგი უმაღლესი დონის შეხვედრები. მისი ბოლო ვიზიტი საქართველოში 2010 წლის ივნისში განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს პრეზიდენტმა და ქალბატონმა ეშტონმა ოფიციალურად გახსნეს საქართველო-ევროკავშირის მოლაპარაკებები ასოცირების ხელშეკრულების თაობაზე. ამ ხელშეკრულების ფარგლებში მოლაპარაკებები ძალიან აქტიურად მიმდინარეობს. ამ მიმართულებით მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი გაიმართა და ვიმედოვნებთ, რომ მოლაპარაკებები წარმატებით გაგრძელდება", - განაცხადა კალანდაძემ.
მისი თქმით, ასეთი მაღალი დონის ვიზიტი მოწმობს, რომ ევროკავშირს განსაკუთრებული ინტერესი აქვს საქართველოსთან მიმართებაში და ეს ინტერესი კვლავ აქტუალურია.