თბილისის საკრებულოს ქრისტიან-დემოკრატმა წევრმა ზაზა გაბუნიამ ფრაქციის ორი ინიციატივა გახმოვანა.
დეპუტატის განცხადებით, ქრისტიან-დემოკრატები საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიაში შედიან ინიციატივით, რომ ახლანდელ ევროპის მოედანსა და მეტეხის ხიდს ეწოდოს 100 000 ქართველი მოწამის, ხოლო თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ნიკო ფიროსმანის სახელი.
"100 000 ქართველის სახელის მინიჭება სწორედ იმ ტერიტორიისათვის, სადაც აღესრულა ეს უმაგალითო მოვლენა, სადაც უპრეცედენტო რაოდენობის ქართველმა სიცოცხლე გასწირა სარწმუნოებისა და სახელმწიფოსათვის, იქნება სამართლიანი და მკაფიო დადასტურება იმის, რომ ჩვენთვის ფასეულია წარსული, წინაპრები და მათი ღვაწლი", - განაცხადა გაბუნიამ.
მისი თქმით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ყველა საძიებო სისტემასა და მათ შორის მსოფლიოს აეროპორტებში დამისამართებულია როგორც "ნოვო-ალექსეევკა", რაც უნდა გამოსწორდეს. ამ მიზნით კი ქრისტიან-დემოკრატები კომისიას და დეპუტატებს სთავაზობენ, რომ აეროპორტს ეწოდოს დიდი ქართველი შემოქმედის, ცნობილი მხატვრის ნიკო ფიროსმანის სახელი. ამასთან, ქრისტიან-დემოკრატები სთავაზობენ ხელისუფლებას რომ ევროპის სახელი ეწოდოს ახლანდელ ვარდების რევოლუციის მოედანს.
100 000 ქართველი მოწამის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 13 ნოემბერს აღნიშნავს.