თბილისის თანამედროვე ხელოვნების IV საერთაშორისო ფესტივალი "არტისტერიუმი" დღეს, 12 ნოემბერს დასრულდება.
ფესტივალი 31 ოქტომბერს გაიხსნა და 12 ნოემბერს წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის მუზეუმში კონსტანტინე მინდაძის "ინტოქსიკაციები და ინსპირაციული ერორების" ჩვენებით დასრულდება.
"არტისტერიუმის" ფარგლებში ექსპოზიციაზე 80 ხელოვანის ნამუშევარი იყო წარმოდგენილი, მათ შორის 26 უცხოელის. ფერწერული და გრაფიკული ტილოების პარალელურად, გამოიფინა ინსტალაციები. ზოგიერთმა ხელოვანმა კი პერფორმანსი წარმოადგინა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პროექტის ორგანიზატორმა, მაგდა გურულმა განუცხადა, "არტისტერიუმმა" დედაქალაქის თითქმის ყველა საგამოფენო სივრცეს მოიცვა. თუმცა ნამუშევრების უფრო მეტი ნაწილი ეროვნულ გალერეასა და ქარვასლაში იყო წარმოდგენილი.
ღონისძიების მხარდამჭერი და პარტნიორია კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.