ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს სკანდალური ანგარიშისა და ისრაელის მიერ ირანისთვის უკვე საშობაოდ დარტყმის მიყენების შესაძლებლობის ფონზე, რუსი და ამერიკელი ექსპერტები საუბრობენ, თუ რამდენად საფრთხის შემცველი შეიძლება გამოდგეს ამგვარი ნაბიჯის გადადგმა. თუმცა ალტერნატიულ ზომებზე საუბრისას ამ ორი ქვეყნის წარმოდგენები რადიკალურად განსხვავდება.
აშშ-ში ირანის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას უჭერენ მხარს, რუსეთში კი ამ ზომებს ირანის მმართველი რეჟიმის დამხობის მცდელობად აფასებენ.
"სამხედრო დარტყმის გაუთვლელი შედეგების უნდა გევშინოდეს", _ აცხადებს პენტაგონის მეთაური ლეონ პანეტა. მისი რწმენით, სამხედრო ჩარევა ვერ აიძულებს ირანელებს, ხელი აიღონ თავიანთ განზრახვაზე - ჰქონდეთ ბირთვიული იარაღი.
"მაქსიმუმ, მივაღწიოთ ამ შედეგის დადგომის გადავადებას ორი ან სამი წლით", _ აცხადებს პანეტა. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
პანეტა ასევე აცხადებს, რომ სამხედრო აქციას სეიოზული გავლენა ექნება მთელს ახალი აღმოსავლეთზე და ამიტომაც ყოველივე ეს ყველაზე დეტალურად უნდა შეფასდეს. მისი განმარტებით, ამ სიტუაციაში ზეწოლის სხვა ბერკეტი უნდა იქნეს გამოყენებული - ირანის წინააღმდეგ ყველაზე ხისტი სანქციები - როგორც ეკონომიკური, ისე დიპლომატიური".
"ყოველივე ეს აიძულებს ირანს, შეცვალოს თავისი ქმედება", _ აცხადებს პენტაგონის მეთაური და ჟურნალისტის კითხვაზე, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ირანზე ვერც ერთმა სანქციამ გავლენა ვერ მოახდინა, პანეტა პასუხობს: "იმედი დავიტოვოთ, რომ საქმე აქამდე არ მივა".
ამავე დროს, ხმები იმის შესახებ, რომ აშშ დაეხმარება ისრაელს ირანისთვის დარტყმის მიყენებაში და ამ სამხედრი აქციას აშშ დაუჭერს მხარს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში უარყვეს.
"აშშ-ს არ სურს კონფლიქტი ირანთან, ჩვენ არ ვესწრაფვით კონფრონტაციას ირანთან და ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვსურს, ვინმემ ძალა გამოიყენოს", _ აცხადებს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვენდი შერმენი.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური ჯარების ხელმძღვანელი ევგენი სტარკოვი აცხადებს, რომ თუ ისრაელი ან დასავლეთის რომელიმე ქვეყანა, მართლაც გადაწყვეტს ირანის ბირთვული ობიექტებისთვის დარტყმის მიყენებას, სადაც თითქოს ატომური ბომბი იქმნება, ეს ადამიანურ მსხვერპლსა და ტერიტორიის რადიაციულ დაბინძურებას გამოიწვევს.