თბილისის მერიის ინიციატივით, საქართველოს პარლამენტში განსახილველად შევიდა კანონპროექტი, რომლის თანახმად წლების განმავლობაში არსებული ბინათმესაკუთრეებისა და ბინითმოსარგებლეების - ატსტუპნიკების უფლებები თანაბრად იქნება დაცული. აღნიშნული სიახლით გაუქმდება ის შეზღუდვა, რომელიც მხარეებს საკითხის გადაჭრის ბოლო ვადად 2012 წლის 1 იანვარს უწესებდა.
მხარეთა უფლებებს „თბილისელების ადვოკატის" კვალიფიციური იურისტები ქალაქის ყველა უბანში უფასოდ დაიცავენ. ასევე მხარეები სასამართლოში გათავისულებულნი იქნებიან ბაჟის გადასახდისგან.
სიახლეს აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებთან დაკავშირებით, საზოგადოებას თბილისის მერი გიგი უგულავა, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლაშა თორდია, პარლამენტარები არჩილ გეგენავა და ანდრო ალავიძე და თბილისის საკრებულოს წევრი სევდია უგრეხელიძე გააცნობენ
როგორც ცნობილია წლების განმავლობაში, სოციალისტური წყობის დროს, შეზღუდული იყო კერძო საკუთრების ყიდვა-გაყიდვის უფლება და შესაბამისად მესაკუთრესა და მოსარგებლეს(ატსტუპნიკს)შორის ხშირად ფორმდებოდა ე.წ. „შინაურული ხელშეკრულებები".
აღნიშნული ტიპის ხელშეკრულებები არ შეესაბამებოდა მოქმედ სამართლებრივ ნორმებს. შესაბამისად საკუთრების გასხვისება კანონით დადგენილი წესით არ ფორმდებოდა, რის შედეგადაც მოხდა ის, რომ ოჯახები წლების მანძილზე ცხოვრობდნენ სახლებში, რომლების სამართლებრივად მათ საკუთრებას არ წარმოადგენს. ყოველივე ეს ბევრი თბილისელის გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენდა.
აღნიშნული ურთიერთობების დარეგულირების მიზნით, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი: „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ", რომლის საფუძველზე მესაკუთრეს შეუძლია დაიბრუნოს თავისი საკუთრება თუ ის მოსარგებლეს(ატსტუპნიკს) ნასყიდობის გარიგების შემთხვევაში გადაუხდის 90%-ს და ბინითსარგებლობის შემთხვევაში კი 75%-ს.
თუ მესაკუთრე არ იხდის აღნიშნულ თანხას, მოსარგებლეს(ატსტუპნიკს) უფლება აქვს მესაკუთრეს გადაუხადოს 10%-ი პირველ შემთხვევაში და 25%-ი მეორე შემთხვევაში და ამით ბინაზე საკუთრების უფლება მოიპოვოს. ამ კანონის დახმარებით ბინათმესაკუთრეთა და ბინათმოსარგებლეთა დიდმა ნაწილმა გადაჭრა სადავო საკითხი და მორიგდა, ნაწილმა კი მიმართა სასამართლოს.
ზემოთხსენებული კანონის მოქმედების ვადა თავდაპირველიად განისაზღვრა 2010 წლის 1 იანვრამდე. შემდეგ პარლამენტის მიერ, კანონში შეტანილი ცვლილების საფუძველზე ვადა გაგრძელდა და გადაიწია 2012 წლის 1 იანვრამდე. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული პრობლემა თბილისელებისთვის დღემდე აქტუალურია, რადგან ხშირ შემთხვევაში ვერ ხერხდება მესაკუთრის მოძებნა (მათი უმრავლესობა სხვა მისამართზე ცხოვრობს, გარდაცვლილია ან საქართველოში არ იმყოფება), თბილისის მერიის ინიციატივით, მომზადდა კანონპროექტი და ის საქართველოს პარლამენტს წარედგინება განსახილველად. ცვლილების თანახმად, თანაბრად იქნება დაცული ორივე მხარის უფლებები, საერთოდ გაუქმდება დავის გადაჭრის ვადა და მოსარგებლეს(ატსტუპნიკს) შესაძლებლობა მიეცემა იცხოვროს სახლში მანამ, სანამ ფართის საკუთრების საკითხი რომელიმე მხარის სასარგებლოდ არ გადაწყდება. ასევე იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მხარის ფაქტობრივი მისამართი ვერ დადგინდება, დაინტერესებულ მხარეს უფლება მიეცემა მიმართოს სასამართლოს, რომელიც საჯაროდ გაავრცელებს აღნიშნულ ინფორმაციას. სასამართლოს გადაწყვეტილებით შესაძლებელი იქნება განისაზღვროს მესაკუთრის ან მოსარგებლის მიერ გადასახდელი თანხის ზუსტი ოდენობა და განხორციელდეს ბინის საკუთრებაში რეგისტრაცია. მხარე, რომელიც სასამართლოს მიმართავს, მოახდენს მის მიერ გადსახდელი თანხის დეპონირებას და შეძლებს საჯარო რეესტრში თავის საკუთრებად დაარეგისტრიროს აღნიშნული ფართი. მეორე მხარე კი სრულად მიიღებს დეპონირებულ თანხას.
თბილისის მერია შესაძლებლობას აძლევს, როგორც ბინათმესაკუთრეებს ასევე ბინათმოსარგებლეებს ისარგებლონ „თბილისელების ადვოკატის" უფასო იურიდიული კონსულტაციით, სწორედ შეადგინონ სარჩელი და დავის გადასაჭრელად სასამართლოს მიმართონ. კვალიფიციური სამართლებრივი დახმერების უფასო სერვისს მესაკუთრეები და მოსარგებლეები(ატსტუპნიკები) ქალაქის ყველა რაიონულ მუნიციპალიტეტში მიიღებენ.