ბაქოში ქართული ხალხური ზღაპრის, "წიქარას" მსოფლიო თეატრალური პრემიერა შედგა. მულტი-პულტის თეატრმა მონაწილეობა მიიღო ბაქოს თოჯინების თეატრების პირველ საერთაშორისო ფესტივალში. ფესტივალში ევროპისა და აზიის 14-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობდა. მათ შორის თეატრალური დასები დიდი ბრიტანეთიდან, უზბეკეთიდან, უკრაინიდან, ესპანეთიდან, რუმინეთიან, ირანიდან, რუსეთიდან, თურქეთიდან, იორდანიიდან, ესტონეთიდან, ავსტრიიდან, ყაზახეთიდან, ეგვიპტიდან და აზერბაიჯანიდან.
საქართველო, კონკრეტულად კი მულტი-პულტის თეატრის სპექტაკლი (რეჟისორი გოჩა ხვიჩია) ფესტივალში მონაწილე საუკეთესო სპექტაკლების სამეულში მოხვდა ესპანეთის და თავად აზერბაიჯანის სპექტაკლებს შორის.
გოჩა ხვიჩიას და მულტი პულტის თეატრს ფესტივალის პრიზის გარდა აზერბაიჯანის კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპეციალური პრიზიც გადაეცა და ფესტივალის სიმბოლო - აზერბაიჯანელი ბიჭუნა.
აღსანიშნავია, რომ ფესტივალის საზეიმო დახურვის პატივი სწორედ "წიქარას" ერგო. ამასთანავე, სპექტაკლის მსოფლიო პრემიერა ბაქოს ყველაზე პრესტიჟულ თეატრალურ სივრცეში - ბაქოს რუსული სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე შედგა, რომლის დარბაზიც სავსე იყო ფესტივალის მონაწილეებით, სტუმრებითა და ბაქოელი მაყურებლებით.
მულტი-პულტის თეატრის ორგანიზატორებმა ბაქოელ მაყურებელს სიურპრიზიც მოუმზადეს. საქართველოდან ჩაიტანეს 500-ზე მეტი ნახატი, რომლებიც ქართველმა ბავშვებმა სპეციალურად ბაქოს თოჯინების თეატრების ფესტივალის მაყურებლებისთვის მოამზადეს. სპექტაკლის დასრულების შემდეგ სხვადასხვა ზღაპრის გმირები გამოჩნდნენ სცენაზე, რომლებმაც ამ სიურპრიზის შესახებ ამცნეს მაყურებელს და სცენაზე მოიწვიეს. ყველა მსურველს ერგო საჩუქარი საქართველოდან. ფესტივალის ორგანიზატორებს ქართველებმა დიდი ზომის მხატვრული ბანერი გადასცეს, რომელზედაც გამოსახულია ფესტივალის მომავალი ასი წლის შემდეგ.