"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია დღეს დაბა ხარაგაულს ესტუმრა და ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.
ალასანიას განცხადებით, საქართველოს რეგიონებში მაცხოვრებლებს თითქმის ერთი და იგევე პრობლემები აწუხებთ - უმუშევრობა, სამედიცინო მომსახურება და ზამთრისთვის შესაბამისად მოუმზადებლობა მოსახლეობის მტკივნეული საკითხებია.
"პრაქტიკულად, ხარაგაულის რაიონში არავინ არ არის დასაქმებული. მათ ზამთრისთვის სამზადისიც დაუგვიანდათ, იმიტომ რომ ხალხს შეშის მოჭრის საშუალებას არ აძლევენ, რაც აუხსნელია. აქ არიან სოციალურად დაუცველი ადამიანები, მათ აქვთ პოლისები, რომლებსაც რეალურად ვერ იყენებენ", - აღნიშნა "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა.
ალასანიას განცხადებით, "თავისუფალი დემოკრატები", თავის პარტნიორებთან ერთად, მოსახლეობას სოფლის მეურნეობის ხელისშეწყობის შესახებ სტარატეგიას სთავაზობს, რომელიც გლეხებისა და ფერმერების ხელშეწყობისთვის სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის შექმნას ითვალისწინებს.