ნიკო ფიროსმანაშვილის სახლ-მუზეუმის დირექტორი ანზორ მაძღარაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მუზეუმის მმართველის თანამდებობაზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ კონკურსი გამოაცხადა.
სააგენტოში აცხადებენ, რომ მუზეუმის თანამშრომლებმა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებები მუზეუმში მიმდინარე რეორგანიზაციის გამო დაწერეს.
შეგახსენებთ, რომ ანზორ მაძღარაშვილი ფიროსმანის მუზეუმს წლებია რაც ხელმძღვანელობს. 21 ოქტომბერს, ანზორ მაძღარაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში განაცხადა, რომ საქართველო ფიროსმანის ღირსი არ არის. „რამდენიმე წელია ფიროსმანის სახლ - მუზეუმთან მისასვლელი გზა დაზიანებულია. მუზეუმში შემოვლითი გზით დავდივართ, ტურისტები კი აღარ მოდიან. ფიროსმანი ერთლარიანზე იყო გამოსახული და ისიც კი ამოიღეს ხმარებიდან. საქართველო ფიროსმანის ღირსი არ არის", - აღნიშნა ანზორ მაძღარაშვილმა. კრიტიკული კომენტარის გამო ანზორ მაძღარაშვილი დედოფლისწყაროს საპატიო მოქალაქეების სიიდან ამოიღეს. დაზუსტებული ინფორმაციით, ადგილობრივ ხელისუფლებას ფიროსმანობისთვის, რომელიც 22 ოქტომბერს აღინიშნა, დედოფლისწყაროს საპატიო მოქალაქის სტატუსი ხუთი ადამიანისთვის უნდა მიენიჭებინა. 21 ოქტომბერს, საღამოს, ანზორ მაძღარაშვილი სიიდან ამოიღეს, დანარჩენი ოთხი კი საპატიო მოქალაქეებად გამოაცხადეს.
„მე არც ვიცოდი თუ სიიდან ამომიღეს და გულიც არ დამწყდება. რა პრობლემაა? რად მინდა საპატიო მოქალაქეობის მონიჭება, ისედაც მირზაანში ვცხოვრობ. დიდი მადლობა თქვენ, რომ კომენტარი გამომიქვეყნეთ და ძალიან კარგიც არის, თუ ვინმეს გულზე მოხვდა. მე ტყუილი არ მითქვამს. განა ლარიანი, რომელზეც ფიროსმანის პორტრეტი იყო გამოსახული, ხმარებიდან უნდა ამოეღოთ? კარგია თუ მართლა ამომიღეს იმ სიიდან", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ანზორ მაძღარაშვილმა.