იტალიის პრემიერ-მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ თანამდებობიდან წასვლის პირობა დადო. ბერლუსკონის თანამდებობიდან წასვლა დაადასტურა პრეზიდენტმა ჯორჯო ნაპოლიტანომ. მისი თქმით, ბერლუსკონი მას შემდეგ გადადგება, რაც პარლამენტი დაამტკიცებს ეკონომიკური რეფორმების პროგრამას, რომლის მიღებასაც დაჟინებით მოითხოვს ევროკავშირი.
"მას შემდეგ, რაც პარლამენტი ახალ ფინანსურ კანონს მიიღებს, მე გადავდგები და სახელმწიფოს მეთაურს შესაძლებლობა მიეცემა მთავრობის ახალი კაბინეტის ფორმირებასთან დაკავშირებით კონსულტაციები დაიწყოს", - განაცხადა ბერლუსკონიმ.
პარლამენტში ბერლუსკონის მოკავშირეების კოალიციამ ბიუჯეტის პროექტის კენჭისყრამდე უმრავლესობა დაკარგა.
იტალიელი დეპუტატები ეკონომიკური სტაბილურობის ახალ კანონპროექტს მომავალ კვირას განიხილავენ.
შეგახსნებთ, რომ ბოლო პერიოდში იტალიის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ წრეებში დაჟინებით მოითხოვენ ბერლუსკონის გადადგომას.