პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარეს, გიორგი მელაძეს, დააავალა, ენერგეტიკის მინისტრთან გაარკვიოს, რატომ ჩაქრა სინათლე დღეს დედაქალაქში, მათ შორის პარლამენტის სხდომაზე. ეს დავალება მაჭავარიანმა მელაძეს მას შემდეგ მისცა, რაც პარლამენტის საღამოს სხდომაზე რამდენიმე წუთით სინათლე გამოირთო და სხდომის ტელეტრანსლაცია გაითიშა.
სინათლის გათიშვას უმცირესობის ლიდერიც გამოეხმაურა. გიორგი თარგამაძემ განაცხადა, რომ სანამ პარლამენტის სხდომაზე არ გაითიშა სინათლე, მანამ ამ პრობლემაზე ყურადღების გამახვილება არ მოხდა, არადა, მთელ რიგ რაიონებში 2-3 დღეა სინათლე არ არის.
თარგამაძის ამ განცხადებას მიხეილ მაჭავარიანი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თუ მსგავს ფაქტებს ადგილი აქვს, მაშინ მაჟორიტარებმა ხმა უნდა ამოიღონ.
თარგამაძე პირველ ვიცე-სპიკერს დაჰპირდა, რომ შეუძლია სოფლების მიხედვით მიაწოდოს ინფორმაცია, სადაც სინათლე 2-3 დღის განმავლობაში არ იყო.