ლეონარდო და ვინჩის გამოფენა, რომელიც 9 ნოემბერს ლონდონის ეროვნულ გალერეაში გაიხსნება, რეკორდულად მაღალ ფასად, 2,4 მილიარდ დოლარად დააზღვიეს. როგორც "დეილი ტელეგრაფი" წერს, სწორედ ასე შეფასდა ნახატების შესაძლო დაზიანება ან ქურდობა.
მუზეუმში, მთელი გამოფენის განმავლობაში, რომელიც 2012 წლის 5 თებერვლამდე გასტანს, უსაფრთხოების გაძლიერებული სისტემა იმუშავებს, სურათები სპეციალური მინის ქვეშ მოთავსდება.
ექსპოზიციაზე "ლეონარდო და ვინჩი - მილანის სასახლის მხატვარი", რომელიც დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ ცენტრალურ საგამოფენო პროექტს წარმოადგენს, 9 სურათი გამოიფინება. გამოფენა გააერთიანებს ტილოებს, რომლებიც ერთად არასდროს გამოფენილა. ექსპოზიციაზე 9 სურათიდან 8 საზღვარგარეთიდან ჩაიტანეს. მათ უმრავლესობას ბრიტანელები პირველად ნახავენ.
გამოფენის ორგანიზატორებმა ყურადღება გაამახვილეს ვინჩის შემოქმედების იმ პერიოდზე, როცა ის მილანელი მმართველების კარის მხატვრად მსახურობდა 1480-1490 წლებში.
როგორც გამომცემლობა აცხადებს, გამოფენისადმი ინტერესი უჩვეულოდ მაღალია. გამოფენის გახსნა პირდაპირ ეთერში გადაიცემა.
მუზეუმის თანამშრომლების განცხადებით, ნაციონალურმა გალერეამ უკვე გაყიდა რეკორდული რაოდენობის ბილეთი. მოსალოდნელია, რომ ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღონისძიება მუზეუმის ისტორიაში, რის გამოც გალერეა გეგმავს, იმუშაოს საღამო საათებში და საშობაო დღესასწაულზე.
ვარაუდობენ, რომ ლეონარო და ვინჩმა მთელი ცხოვრების განმავლობაში 20 სურათი დახატა. მათგან 15 გადარჩა. ვინჩის ბევრი სურათის ღირებულება უცნობია.