დევნილთა სამინისტროსა და გაეროს დახმარებით, ზუგდიდიში, პროფსასწავლებლის კურსდამთავრებულმა დევნილებმა პროფესიული სამუშაო იარაღები მიიღეს. "დევნილთა პროფესიული სწავლებისა და მომსახურების ცენტრის" პროექტი ამერიკის მთავრობამ დააფინანსა.
პროექტის ფარგლებში 42-მა დევნილმა 4 თვიანი სწავლების კურსი გაიარა და სხვადასხვა პროფესიას დაეუფლა: ბუღალტერია, ჭრა-კერვა, თმის სტილისტი, კოსმეტოლოგია, ავტომანქანების შეკეთება, კომპიუტერისა და მობილური ტელეფონების შეკეთება. 20-მა ყველაზე წარმატებულმა დევნილმა კი დღეს საჩუქრად სამუშაო იარაღები - საკერავი მანქანები, თმის სტილისტის იარაღები, კოსმეტკური საშუალებები, ავტომანქანის შეკეთებისთვის საჭირო ხელსაწყოები მიიღო. პროექტი განახორციელა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარიატმა და ცენტრმა "აფხაზეთი".
როგორც დევნილთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ლევან მიქავამ აღნიშნა, ეს დევნილთა გადამზადებისა და პროფესიის დაუფლების მორიგი პროექტია, რომელიც დევნილ საზოგადოებას შესაძლებლობას აძლევს, დასაქმდეს და საკუთარი შემოსავლით იცხოვროს. მისივე თქმით, მსგავსი პროექტები გაგრძელდება.
ღონისძიებას ასევე დაესწრნენ გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისრის, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის, საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი "აფხაზეთის" და სხვა ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.