აშშ-ს მთავრობა არ ფლობს ინფორმაციას, რომელიც უცხოპლანეტელი ფორმების ცხოვრებას ადასტურებს. ამის შესახებ ნათქვამია თეთრი სახლის ოფიციალურ საიტზე. აღნიშნული განცხადება, მას შემდეგ გაკეთდა, რაც შესაბამისი მოთხოვნით თეთრი სახლის მიმართ ერთი თვის განმავლობაში ინტერნეტ-საიტის მეშვეობით "ჩვენ - ხალხი. თქვენი ხმა ჩვენს მთავრობაში" 17 ათასი ხელმოწერა მოგროვდა.
"აშშ-ს მთავრობა არ ფლობს ფაქტებს ჩვენი პლანეტის მიღმა სიცოცხლის რაიმე სახით არსებობასთან დაკავშირებით, ან ასეთ ფორმებთან კონტაქტის შესახებ"- ნათქვამია განცხადებაში, რომელიც პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციის პოლიტიკის დეპარტამენტის თანამშრომელმა ფილიპ ლარსონმა მოამზადა.
იმავდროულად, ლარსონი ადასტურებს, რომ აშშ-ს ხელისუფლება ახორციელებს რიგ პროექტებს უცხოპლანეტელების აღმოჩენის მიზნით. კერძოდ მან მიუთითა პროგრამა SETI-ზე, რომელიც ითვალისწინებს უცხო ცივილიზაციების მოძიებას და მათთან კონტაქტში შესვლას.