ხვალ, 4 იანვარს, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს, დაბადებიდან 75 წელი უსრულდება. საქართველოს მართლმადიდებლურ ტაძრებში პატრიარქის სახელზე პარაკლისი აღევლინება.
მართლმადიდებელ მრევლს სამების საკათედრო ტაძარში საშუალება ექნება საქართველოს კათალიკოს პატრიარქს, უწმენდესსა და უნეტარესს ილია II-ს დაბადებიდან 75 წელი მიულოცოს.
12.00 საათზე ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი სამშვიდობო პარაკლისს გადაიხდის.
20.00 საათზე კი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში, კათალიკოს-პატრიარქისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართება.
ილია II, ერისკაცობაში ირაკლი გიორგის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს ქ. ვლადიკავკაზში დაიბადა. მისი მშობლები, ყაზბეგის რაიონიდან იყვნენ.
მამა _ გიორგი სიმონის ძე შიოლაშვილი _ სოფელ სნოდან, დედა _ ნატალია იოსების ასული კობაიძე - სიონიდან. 1927 წელს მათ სახლი შეიძინეს ქ. ვლადიკავკაზშიც, სადაც დაიბადა საქართველოს მომავალი პატრიარქი.
მშობლებმა სამი დღის ახალშობილი ქრისტეშობის დღეს მონათლეს ქართულ ტაძარში და ყრმას ერეკლეს II პატივსაცემად ირაკლი უწოდეს.
1952 წელს ირაკლი შიოლაშვილმა დაამთავრა ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლა და ჩააბარა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში, შემდეგ კი სწავლა მოსკოვის სასულიერო აკადემიაში განაგრძო.
1957 წელს სასულიერო აკადემიის II კურსის სტუდენტი ირაკლი
შიოლაშვილი სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის მელქისედეკ III ლოცვა-კურთხევით ბერად აღიკვეცა და სახელად წმიდა ილია წინასწარმეტყველის საპატივცემულოდ ილია ეწოდა.
მალე იგი ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად, 1959 წელს კი _ მღვდელ-მონოზვნად.
მღვდელ-მონოზონმა ილიამ, 1960 წელს მოსკოვის სასულიერო აკადემია დაამთავრა. მას სთხოვეს, გაეგრძელებინა სამეცნიერო მოღვაწეობა, მაგრამ სასულიერო კადრების სიმცირის გამო, სამშობლოში დაბრუნდა და ბათუმის საკათედრო ტაძარში მღვდელმსახურად დაინიშნა. ერთგული მოღვაწეობისთვის იგი 1961 წელს იღუმენის, შემდეგ კი არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანეს; ხოლო 1963 წლის 26 აგვისტოს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ეფრემ II მიერ ხელდასხმულ იქნა შემოქმედის ეპისკოპოსად და დაინიშნა კათალიკოს-პატრიარქის ქორეპოსკოპოსად.
1963 წლიდან 1972 წლამდე იგი მცხეთის სასულიერო სემინარიის _ იმ დროისათვის ერთადერთი სასულიერო სასწავლებლის _ პირველი რექტორი იყო.
1967 წელს ეპისკოპოსი ილია გადაყვანილ იქნა აფხაზეთის ეპარქიაში. 1969 წელს აიყვანეს მიტროპოლიტის ხარისხში. 1977 წლის 9 ნოემბერს კი უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, დავით V გარდაცვალების შემდეგ წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით პატრიარქის მოსაყდრედ დადგინდა, ხოლო 1977 წლის 23 დეკემბერს აირჩიეს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქად.
იმავე წლის 25 დეკემბერს მოხდა მისი ინტრონიზაცია. პატრიარქს მიეკუთვნა სახელი ილია II (ილია I საქართველოს ეკლესიას მართავდა 1600 წლის წინ 390-400წწ).
1978-1983 წწ. კათალიკოს-პატრიარქი ილია II ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს პრეზიდენტი იყო. იგი დაჯილდოვებულია მსოფლიოს საპატრიარქოს, ანტიოქიის, იერუსალიმის, ალექსანდრიის, რუსეთის, საქართველოს, საბერძნეთის, ბულგარეთის, რუმინეთის პატრიარქების, პოლონეთის, ჩეხოსლოვაკიისა და თითქმის ყველა სხვა მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი. ნიუ-იორკის სასულიერო აკადემიამ კათალიკოს-პატრიარქ ილია II-ს ღვთისმეტყველების დოქტორის საპატიო წოდება მიანიჭა.
1997 წელს მისი უწმიდესობა კრეტის სასულიერო აკადემიამ თავის საპატიო წევრად აირჩია. ამ წელსვე იგი აირჩიეს გაეროსთან არსებულ ინფორმატიზაციის საერთაშორისო აკადემიის ნამდვილ წევრად; 1998 წელს კი ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. ტიხონის საღვთისმეტყველო სემინარიამ ღვთისმეტყველების დოქტორის საპატიო წოდება მიანიჭა.
1988 წელს უწმიდესისა და უნეტარესის თაოსნობით მცხეთის სასულიერო სემინარია გადმოტანილ იქნა თბილისში და დაარსდა თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარია. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაიხსნა სასულიერო სასწავლებლები: ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში სასულიერო სემინარიები, ხულოში სასულიერო სასწავლებელი და მასთან არსებული გიმნაზია, გიმნაზიები დაარსდა თბილისში, ბათუმში, ზესტაფონში. საუკუნეთა შემდეგ კვლავ აღდგა გელათის სასულიერო აკადემია და ეკლესიის ეგიდის ქვეშ მყოფი გელათის მეცნიერებათა აკადემია.
უწმიდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით თანამედროვე ქართულ ენაზე გამოიცა ბიბლია, საღვთისმეტყველო კრებულები, ბროშურები, წიგნები, ჟურნალები, სამი სახის კალენდარი, დაარსდა გაზეთები. მისი ინიციატივით საპატრიარქოსთან შეიქმნა ხუროთმოძღვრების ცენტრი, ხალხური რეწვის, მისიისა და ევანგელიზაციის განყოფილება, გამომცემლობა,სიწმიდეთა მოძიებისა და დაცვის ცენტრი, შეიარაღებულ ძალებთან და სამართალდამცავ დაწესებულებებთან ურთიერთობის განყოფილება, ასევე საგარეო და საფინანსო-ეკონომიკური განყოფილება, საინფორმაციო სამსახური, ჩამოყალიბდა ახალგაზრდული ცენტრი "ძლევაი", ჰუმანიტარული სამსახური, მომლოცველობის სამსახური და სხვა.
ოცი წლის განმავლობაში საქართველოს ეკლესიის ეპარქიათა რიცხვი 15-დან 31-მდე გაიზარდა, მონასტრებისა _ 60-მდე, სასულიერო პირთა _ 1000-მდე. მოხდა ახალი წმინდანების კანონიზება. მაცხოვრის შობის 2000 და საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის 1500 წლისთავთან დაკავშირებით დაიწყო საქართველოში ყველაზე დიდი ეკლესიის _ წმ. სამების სახელობის საკათედრო ტაძრის მშენებლობა.