პაკისტანში აშშ-ის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციდან ნახევარი წლის შემდეგ, რომლის შედეგადაც "ალ ქაიდას" მეთური, მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტი უსამა ბინ ლადენი მოკლეს, პირველად მედიაში, სპეცოპერაციის უშუალო მონაწილეების მონათხრობი ჩნდება. ეს აშშ-ის ელიტური სპეცდანაყოფის წარმომადგენელთა მონათხრობი, ბინ ლადენის გარდაცვალების ოფიციალური ვერსიისგან განსხვავდება.
სპეცდანიშნულების რაზმის მებრძოლები უკმაყოფილონი არიან იმით, რომ ისინი ცივსისხლიან მკვლელებად წარმოაჩინეს. მათთვის შოკისმომგვრელი იყო ისიც, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ იმ საღამოსვე გამოაცხადა ბინ ლადენის გარდაცვალების შესახებ და ამით "ხელში ჩაგდებული ინფორმაციის უდიდესი ნაწილი უსარგებლო გახადა".
"მეტიც, პრეზიდენტის როლი მოცემულ სიტუაციაში გაზვიადებული იყო", _ წერს "The Daily Mail"-ი. შტურმის დაწყებამდე 2 წუთით ადრე ობამა გოლფის თამაშით იყო დაკავებული და მხოლოდ ამის შემდეგ დაბრუნდა თეთრ სახლში, რის შემდეგაც გავრცელდა ის ფოტოები, სადაც ობამასა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ფიგურებს დაძაბული სახეები აქვთ და სპეცოპერაციის მსვლელობას ადევნებენ თვალს. ახალი ვერსიით, ობამას ბოლოდე თავი შორს ეჭირა იმისგან, რაც პაკისტანში ხდებოდა და ამას იმიტომ აკეთებდა, რამე ისე რომ არ მომხდარიყო, როგორც დაგეგმილი იყო, ის არაფერ შუაში იქნებოდა.
"The Sunday Times"-ის ინფორმაციით, ელიტური სპეცრაზმის წარმომადგენლებმა სიმართლე პირველად ჩაკ პფერერს ურთხრეს. პფერერი სწორედ იმ მე-6 დანაყოფის ყოფილი მეთაურია, რომელსაც ამჟამად "Naval Special Warfare Development Group"-ი (DEVGRU) ეწოდება და რომელიც სპეცოპერაციაზე იყო პასუხისმგებელი. პფერერმა მებრძოლთა მონათხრობები შეიტანა თავის წიგნში, სახელწოდებით "სპეცრაზმი: ოპერაცია "ჯერონიმოს" წინააღმდეგ", რომელიც აშშ-ში ამ კვირას გამოვა. შეგახსენებთ, რომ "ჯერონიმოს" თავად საერთაშორისო ტერორიზმის ლიდერს ეძახდნენ.
აშშ-ის ელიტური სპეცდანაყოფის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ბინ ლადენი მის აგარაკზე დესანტის გადმოსხმიდან პირველივე 90 წამის განმავლობაში გაანადგურეს და არა იქ გამართული ბრძოლის შედეგად, როგორც ეს ოფიციალური ვერსიის მიხედვითაა ცნობილი.
"ოპერაცია ისე აკურატულად ჩატარდა, რომ მხოლოდ 12 ტყვია გავარდა", _ ნათქვამია სტატიაში და იქვე უარყოფილია გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები მაინცდამაინც ბინ ლადენის მკვლელობაზე იყვნენ მომართულნი: "იგი რომ დაგვნებებოდა, ტყვედ ავიყვანდით".
სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები ბინ ლადენის აგარაკთან, აბოტაბადში ორ "Stealth Hawk"-ის ტიპის ვერტმფრენით ჩაფრინდნენ, მათ კიდევ ორი "Chinook"-ის ტიპის ვერტმფრენი ახლდა. სპეცთვითმფრინავი "Prowler"-ი კი, რომელიც ავიამზიდ "Carl Vinson" ზეა მოთავსებული პაკისტანულ რადარებს ახშობდა და ყალბ სამიზნეებს სახავდა.
ვერტმფრენი "Stealth Hawk" პირდაპირ ბინ ლადენის აგარაკის თავზე დაეკიდა, 12 სპეცრაზმელმა შენობის მესამე სართულზე მოხვედრა მალევე შეძლო. თავდაპირველად ისინი ბინ ლადენის მესამე ცოლს - ხაირას შეეფეთნენ, იგი დერეფნისკენ გაიქცა. ერთ-ერთმა სპეცრაზმელმა იგი წააქცია. მესამე სართულზე იყო ასევე ბინ ლადენის საძინებელი. მან კარი გამოაღო, გამოიხედა, შემდეგ კარი მიიბრახუნა და ჩაკეტა. ამის შემდეგ მეორე სართულიდან ამოირბინა ბინ ლადენის ვაჟმა ხალიდმა. იგი ადგილზე მოკლეს.
ორმა სპეცრაზმელმა ბინ ლადენის საძინებელში კარი შეანგრია. როგორც ისინი იხსენებენ, ოთახში ძველი ტანისამოსის სუნი იდგა. ოთახში "ალ ქაიდას" ლიდერი და მისი ყველაზე ახალდაზრდა ცოლი - ამალი იყვნენ. ბინ ლადენმა მას ხელი უბიძგა, იგი ყვიროდა "არა, ეს ის არ არის!" ბინ ლადენი ავტომატ "აკ-47"-ს დაწვდა და ამის შემდეგ სპეცრაზმელებმა ცეცხლი გახსნეს. ერთი ტყვია ლეიბს მოხვდა, მეორემ ამალს ფეხი გაუკაწრა. როდესაც ბინ ლადენმა იარაღს ხელი დაავლო, ორმა სპეცრაზმელმა კვლავ ცეცხლი გახსნა: ერთი ტყვია მას გულმკერდის არეში მოხვდა, მეორე თავის ქალაში და ბინ ლადენი ადგილზე დაიღუპა.
გარეთ ბინ ლადენის კურიერმა უმისამართო სროლა დაიწყო. ვერტმფრენში მსხდომმა სნაიპერებმა იგი და მისი მეუღლე მოკლეს. სპეცრაზმელებმა სახლი დაათვალიერეს და ქალები და ბავშვები გარეთ გამოიყვანეს. ამის შემდეგ, სახლის კიდევ ერთი დათვალიერებისას, სპაცრაზმელებმა ბინ ლადენის პირადი დაცვის ერთი წევრი მოკლეს. ბინ ლადენის ცხედარს სპეცრაზმელებმა ფოტოები გადაუღეს და გადასცეს ინფორმაცია მისი ლიკვიდაციის შესახებ. მთელმა ოპერაციამ მთლიანობაში 38 წუთი დაიკავა.