„ახალი მემარჯვენეების" დასავლეთ საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი გიორგი ასათიანი პარტიის სახელით ტყიბულის მაღაროში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს და უსაფრთხოების დაცვის მიზნით საგანგებო ზომების მიღებას მოითხოვს. „ ცხადია, ის, რომ მაღარო ამუშავდა და რეგიონის მოსახლეობა დასაქმდა - კარგია, მაგრამ ეს არავის სჭირდება 12 ადამიანის სიცოცხლის ფასად. წინა შემთხვევებიდან დასკვნა „საქნახშირს" არ გამოუტანია. უნდა დადგეს იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი, რომელთა გულგრილობას თუ არაპროფესიონალიზმს ამდენი მაღაროელის სიცოცხლე შეეწირა. ამავე დროს „საქნახშირმა" დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს რადიკალური ზომები უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის და საზოგადოებას აცნობოს კონკრეტულად რა გაკეთდება ამ მიმართულებით", - განაცხადა „ახალი მემარჯვენეების" წარმომადგენელმა.
მასალის გამოყენების პირობები