ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის პროგრამის ("მაშავის") მიერ ორგანიზებულ კურსებზე დასასწრებად ნოემბერში ისრაელში 4 ქართველი სპეციალისტი გაემგზავრება. ორი მათგანი სოფლის მეურნეობის კურსებს გაივლის, ორი კი ცოდნას სამედიცინო დარგში აიმაღლებს. ამ საკითხთან დაკავშირებით, ისრაელის საელჩოში ბრიფინგი გაიმართა. პროექტის მონაწილეებს ისრაელის ელჩმა საქართველოში, იცხაკ გერბერგმა ვიზები გადასცა.
"ვულოცავ ქართველ პროფესიონალებს, რომლებიც წყლის მენეჯმენტისა და სამედიცინო კურსებზე დასასწრებად ისრაელში გაემგზავრებიან. მოგეხსენებათ, ისრაელი სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის დარგში მაღალგანვითარებული ქვეყანაა და მოხარული ვარ, რომ ქართველ მონაწილეებს ისრაელის გამოცდილების უკეთ გაცნობის საშუალება მიეცემათ, მით უფრო, რომ ეს ორი დარგი დღესდღეობით საქართველოს პრიორიტეტებად მიიჩნევა. ზემოხსენებული კურსები მხოლოდ ორია იმ უამრავთაგან, რომლებიც ისრაელში ტარდება. საერთაშორისო განვითარების სააგენტო "მაშავისა" და ისრაელის საელჩოს მიერ დაფინანსებული კურსები ისრაელის მხრიდან საქართველოსთვის გამოცდილების გაზიარების კიდევ ერთი ნათელი მაგალითია", - განაცხადა გერბერგმა.
შეგახსენებთ, რომ ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის პროგრამა ("მაშავი") 1958 წლიდან ფუნქციონირებს, საქართველოში კი ისრაელის საელჩოს დაარსების დღიდან მუშაობს. მისი საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია, შესაძლებლობა მისცეს ქართველ სპეციალისტებს, კვალიფიკაცია აიმაღლონ ისრაელის წამყვან სასწავლო დაწესებულებებში, რათა მათ შეძენილი ცოდნა კოლეგებს გაუზიარონ, რაც ქვეყნის შენებისთვის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია.
"მაშავის" პროგრამა მოიცავს საზოგადოებრივი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს, მათ შორის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას, სოფლის მეურნეობას, განათლებას და საზოგადოებრივ განვითარებას, ჯანდაცვასა და სოციალურ უზრუნველყოფას, არასამთავრობო ორგანიზაციების განვითარებას და ლიდერი ქალის როლს საზოგადოებაში.
"მაშავის" კურსები 1993 წლიდან დღემდე 700-მდე ქართველ სპეციალისტს აქვს გავლილი.