გოჩა ჯოჯუა ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის დატოვების ფაქტს არ ადასტურებს. მისი თქმით, იგი ამ ეტაპზე თავს ვალდებულად მიიჩნევს, რომ შტაბის წევრებს მიეხმაროს.
"მე არსად წავსულვარ. ვრჩები საარჩევნო შტაბში, რადგან თავს ვალდებულად მივიჩნევ შექმნილ ვითარებაში გვერდში დაუდგე შტაბის დანარჩენ წევრებს", - განაცხადა გოჩა ჯოჯუამ.
მისივე თქმით, მის პოზიციებში არის გარკვეული ცვლილებები, თუმცა ამ ეტაპზე იგი შტაბის დატოვებას არ გეგმავს.
ჯოჯუამ ასევე განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც გავრცელდა პატარკაციშვილის ახალი ვიდეომიმართვა, სადაც იგი არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე კვლავ მზადყოფნას აცხადებდა, შტაბის წევრებზე ხელისუფლების მხრიდან საშინელი აგრესია წამოვიდა.
"დღეს დილიდან დაკავებულები არიან შტაბის წევრები კახეთში, ბორჯომში, სამეგრელოში. ეს არის აგრესია რომელსაც ხელისუფლებამ პატარკაციშვილის ახალი მიმართვის შემდეგ მიმართა" - აღნიშნა ჯოჯუამ.
რაც შეეხება გიორგი ჟვანიას გადაწყვეტილებას შტაბის დატოვების შესახებ, ჯოჯუა აცხადებს, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელსაც თავად მიიჩნევს საჭიროდ.