ხვალ, 5 ნოემბერს, სოფელ მუხრანის #1 საჯარო სკოლას ნიკო ბაგრატიონის (ნიკო ბურის) სახელი მიენიჭება. სკლაში ნიკო ბაგრატიონის ცხოვრების ამსახველი კუთხე გაიხსნება.
სამხრეთაფრიკელი ფერმერების ინიციატივითა და მხარდაჭერით, იმ სახლში, სადაც დაიბადა და ცხოვრობდა ნიკო ბაგრატიონი, ნიკო ბაგრატიონის მემორიალური დაფა გაიხსნება. ამით ბურებმა პატივი მიაგეს 1899-1902 წლებში მათი თავისუფლებისთვის მებრძოლი ქართველი მამულიშვილის, ნიკო ბაგრატიონის (ნიკო ბურის) ხსოვნას.
მემორიალის გახსნას დაესწრებიან დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი მირზა (პაპუნა) დავითაია, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ წიკლაური, პრეზიდენტის რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის მხარეში ცეზარ ჩოჩელი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩახნაშვილი, საქართველოში მყოფი ბური ფერმერები და სამხრეთ აფრიკის წამყვანი ტელეარხების წარმომადგენლები, რომლებიც დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, მირზა (პაპუნა) დავითაიას მოწვევით იმყოფებიან.