„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე განიხილეს „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ" კანონ-პროექტი. ეკონომიკის ექსპერტმა, პროფესორმა ნოდარ ხადურმა, „ახალგარზდა იურისტთა ასოციაციის" და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კონკრეტული შენიშვნები გამოთქვეს.
გიორგი თარგამაძის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკაში და სოციალურ სფეროში ორი ძირითადი პრობლემაა. პირველი - არაკონკურენტული ეკონომიკური გარემოა, რომლის შედეგადაც მოსახლეობას უწევს ხელოვნურად გაზრდილი ფასებით საწვავის, პროდუქტების და მომსახურების შეძენა. ხოლო მეორე - ის პრობლემებია, რომლებიც ეხება რამდენიმე მოთამაშის ერთმანეთში გარიგებითა და ხელისუფლების კარნახით ეკონომიკური სივრცის მონოპოლიზებას.
მისივე თქმით, ეს ვითარება გადაულახავ ბარიერებს უქმნის მცირე და საშუალო ბიზნესს და ზღუდავს სივრცეს მათი განვითარებისთვის, რაც ავტომატურად პირდაპირ გავლენას ახდენს დასაქმებულთა რაოდენობაზე და შემოსავლებზე საქართველოში.
„ანტიმონოპოლიური რეგულირება, კონკურენციის პირობების შექმნა, ოლიგოპოლიური გარიგებების შეზღუდვა და მთლიანად აღმოფხვრა ქრისტიან-დემოკრატიული ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ თემებზე ჩვენი ხედვა აბსოლუტურ თანხვედრაშია ევროკავშირის რეკომენდაციებთან, თუმცა არის გარკვეული სპეციფიკა , რომელიც ახლავს ჩვენს ბაზარს. ევროპული კანონმდებლობის სრული კოპირება შეუძლებელია და არც ევროპა გვთხოვს ამას, მაგრამ ამ მიმართულებით მოძრაობის დაწყება აუცილებელია" - განაცხადა თარგამაძემ.
„თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ" კანონ-პროექტს პარლამენტი მომავალ კვირას განიხილავს.