ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნო პასუხობს ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ივანიშვილმა ღიად დაადანაშაულა საქართველო 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაში. "ჯი-ეიჩ-ენი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"ხელისუფლების წარმომადგენლთა აზრით, ბიძინა ივანიშვილმა პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადებით ღიად დაადანაშაულა საქართველო 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაში, რაც, მათივე თქმით, წარმოადგენს სიცრუეს და ემსახურება რუსეთის ინტერესებს. ბიძინა ივანიშვილის მიერ 1-ლი ნოემბრის პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადებით, არსებობს ტალიავინის დასკვნა და ევროპის საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია რუსეთ-საქართველოს ომის შედეგების შესახებ, რომელსაც ქართულმა დელეგაციამაც მოაწერა ხელი. ორივე დოკუმენტში დაფიქსირებულია, რომ ომის დაწყების თარიღად სახელდება 2008 წლის 7 აგვისტოს ცხინვალის მიმართულებით ქართული სამხედრო შენაერთების მიერ გაუფრთხილებელი ცეცხლის გახსნა, რასაც შედეგად მოჰყვა რუსეთის მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენება. კერძოდ, ევროპის საპარლამენტო ასამბლეის #1633 რეზოლუციის მე-5 პუნქტის თანახმად: "2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის წინააღმდეგ გაუფრთხილებლად საარტილერიო ცეცხლის გახსნამ მდგომარეობა კიდევ უფრო დაძაბა და სრულმასშტაბიან ომად გადააქცია". ბიძინა ივანიშვილმა აქვე მიუთითა, რომ აგვისტოს ომს წინ უსწრებდა ოსური მხარის მიერ ქართული სოფლების დაბომბვა. "ნაცვლად იმისა, რომ დაეცვათ ქართული სოფლები, გამოეყვანათ საშიში ზონიდან მოსახლეობა, მოეწვიათ საერთაშორისო ორგანიზაციები და დაეფიქსირებინათ რაც ხდებოდა, დაიწყო ცხინვალის დაბომბვა. ზემოთაღნიშნული განცხადების დასტურად, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია იხილოს ევროპის საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია შემდეგ მისამართზე: http://assembly.coe.int/main.asp?Link=/documents/adoptedtext/ta08/eres1633.htm ".