უკრაინის სპეცსამსახურების წარმომადგენლები არაოფიციალურ რეჟიმში ადასტურებენ, რომ მათ ხელთ არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ ხელისუფლების სტრუქტურებზე თავდასასხმელად იარაღის შესყიდვა მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი "სეგოდნია" სპეცსამსახურებში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
"ამას მოწმობს ლვოვში, ხარკოვში და სხვა ქალაქებში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, სადაც იყო სკანდალები იარაღის შესყიდვასთან და არსენალების ამოჩენასთან დაკავშირებით. ამასვე მოწმობს ჩვენს ხელთ არსებული ოპერატიული ინფორმაცია. ეს ბაზარში გავრცელებული ჭორი არ არის. ეს სანდო ადამიანების მიერ გადამოწმებული ინფორმაციაა. სწორედ ამასთან დაკავშირებით, სახელმწიფოს პირველი პირების უსაფრთხოებისა და დაცვის ზომები გაძლიერებულია. საუბარი მიდის ქვეყნის პირველი პირისა და უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელობის უსაფრთხოებაზე", _ აცხადებს გამოცემასთან საუბარში სპეცსამსახურის წარმომადგენელი.
აღსანიშნავია, რომ გუშინ გამართულ თათბირზე უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა განაცხადა, რომ ქვეყანაში "იარაღის შესყიდვა და სახელმწიფო ორგანოებზე შეიარაღებული თავდასხმებისათვის მზადება მიმდინარეობს. ოპოზიციის წარმომადგენლებმა იანუკოვიჩის ამ განცხადებას მომავალი რეპრესიების გამართლება უწოდეს.