"რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი გახდება საკუთარი პირობებით საქართველოსთან მიმართებაში და ამას ქართული მხარე დაეთანხმა", - აღნიშნულია "დემოკრატიული მოძრაობის" მთავარი საბჭოს განცხადებაში.
განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლების ტრადიციულად გაუაზრებელი და წინდაუხედავი მცდელობა, მსო-ში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები პოლიტიკური სპეკულაციის საგნად ექცია, იმთავიდვე განწირული იყო კრახისთვის და ამის შესახებ "დემოკრატიულ მოძრაობას" საკუთარი პოზიცია არაერთხელ აქვს დაფიქსირებული.
"საქართველოს ხელისუფლების არასწორად ფორმულირებულმა პოზიციამ გამოიწვია გარდაუვალი საერთაშორისო ზეწოლა. შედეგად, ისევე როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, საქართველომ რუსეთს ლანგარზე, ამჯერად მსო-ში გაწევრიანება მიართვა. აღნიშნული შეთანხმებით საქართველომ ნულოვანი სარგებელი მიიღო. არსებული ინფორმაციით, უცნობია, რას გულისხმობს მონიტორინგი, როგორი ფორმით ან რომელი სასაზღვრო კონფიგურაციით მოხდება ტვირთების გაკონტროლება, ხოლო რაც შეეხება რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის დაბრუნებას, შეთანხმება ამ საკითხს ვერ არეგულირებს. მართალია მსო კრძალავს დისკრიმინაციულ ზომებს, მაგრამ ხარისხის კონტროლი, რა მიზეზითაც რუსეთმა ქართული პროდუქცია აკრძალა საკუთარ ბაზარზე, არ შედის დისკრიმინაციულ ზომებში", - აღნიშნულია განცხადებაში.
"დემოკრატიული მოძრაობის" მთავარი საბჭოს წარმომადგენელთა განცხადებით, ახლა ხელისუფლება ცდილობს არსებული შეთანხმება წარმატებად გამოაცხადოს, ისევე, როგორც 2008 წლის აგვისტოს წაგებული ომი გამოაცხადა გამარჯვებად.
"სააკაშვილის რეჟიმმა ქვეყანას აღარ დაუტოვა თითქმის არც ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი. მოლაპარაკებების პროცესმა და მიღწეულმა შედეგმა კიდევ ერთხელ ნათელი გახადა, რომ ხელისუფლების პრიორიტეტს არა სახელმწიფოებრივი ინტერესები და საკუთარი მოსახლეობის კეთილდღეობა, არამედ საკუთარი სკამების შენარჩუნება წარმოადგენს", -აღნიშნულია განცხადებაში.