ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ლაგოდეხში, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაშავდა. აფენიდან ჭაბუკიანის მიმართულებით მოძრავი სატვირთო ავტომობილი საპირისპირო მხარეს მოძრავ ფორდს შეეჯახა.
ორმა მგზავრმა სერიოზული დაზიანებები მიიღო. ერთ-ერთ მათგანს სასწრაფო ოპერაცია ლაგოდეხის რაიონულ საავადმყოფოში ჩაუტარდა, მეორე კი კატასტროფის მედიცინის ცენტრის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა.
„საავადმყოფოში 3 პაციენტი შემოიყვანეს. ერთ-ერთი დაშავებული მძიმე შოკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მას აღენიშნებოდა მარცხენა ნეკნების და ქვედა ყბის მოტეხილობა. მეორე პაციენტს ოპერაცია ჩაუტარდა. ის ამჟამად მძიმე მდგომარეობაში იმყოფება და ჩვენს განყოფილებაშია მოთავსებული", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ლაგოდეხის რაიონული საავადმყოფოს ექიმმა გიორგი ენუქიძემ.
მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიებას ლაგოდეხის პოლიცია აწარმოებს.
შეგახსენებთ, რომ ლაგოდეხის რაიონის სოფლებში საპატრულო პოლიცია არ პატრულირებს. ლაგოდეხის პოლიციის თანამშრომლები კი ყოფილი საგზაო პოლიციის თანამშრომლების მსგავსად, რამდენიმე სოფელში არიან ჩასაფრებულები.
მასალის გამოყენების პირობები