1-ელ ნოემბერს, 10:30 საათზე, ორხევის სასწავლო კომპლექსში ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ორგანიზებით, საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა სამინისტროებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ჩატარდება ტრეინინგი თემაზე: "ეფექტური კომუნიკაცია და მოლაპარაკებების წარმოება".
ტრეინინგს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის 22 თანამშრომელი გაივლის. კურსი თეორიულ ცოდნასთან ერთად ორიენტირებულია მსმენელთა პრაქტიკული უნარ-ჩვევების ამაღლებაზე. ტრეინინგს ჰოლანდიის ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები ჩაატარებენ და ქართველ კოლეგებს მოლაპარაკებების წარმოების, პრეზენტაციის მომზადების, საჯარო გამოსვლებსა და სამოქმედო გეგმაზე მუშაობის კუთხით გამოცდილებას გაუზიარებენ.
პროექტის მიზანი ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება და საზოგადოებრივი სერვისების გაუმჯობესებაა.
პროექტი ერთჯერად ხასიათს არ ატარებს. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წლის მაისში უკვე გაიარეს გადამზადება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტისა და კონტროლის პალატის თანამშრომელებმა. შეთანხმების შესაბამისად, სამინისტროს სისტემის თანამშრომლებისთვის ანალოგიური ტრეინინგკურსები მომავალშიც გაგრძელდება.