შპს "ალია ჰოლდინგი" არ ცნობს ოთარ კობერიძის მიერ წარდგენილ სარჩელს და მიაჩნია, რომ გამოქვეყნებულ სტატიებში არ დარღვეულა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ნორმები. როგორც ოთარ კობერიძის ადვოკატის მიერ სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენითვის" მიერ მიცემული კომენტარის საპასუხო განცხადებაში "ალია ჰოლდინგის" ადვოკატი ვასილ ტიტვინიძე აღნიშნავს, გაზეთ "კვირის ქრონიკაში" გამოქვეყნებულია რესპონდენტების ინტერვიუები; მათში მოყვანილი ყველა განცხადება გაკეთებულია რესპონდენტების მიერ და შპს `ალია ჰოლდინგი~ არ არის ამ განცხადებების ავტორი.
"აქვე აღსანიშნავია, რომ რესპონდენტთაგან ორმა პირმა თავიდანვე კატეგორიულად მოითხოვა, არ გამჟღავნებულიყო მათი ვინაობა, ხოლო ერთ რესპონდენტს _ აკადემიკოს ელიზბარ ჯაველიძეს საკუთარი ვინაობა არ დაუმალავს და მან "კვირის ქრონიკას" აღნიშნულ თემაზე ინტერვიუ მისცა, რაც გაზეთში სრული სახით გამოქვეყნდა კიდეც; მიუხედავად ამისა, წარმოდგენილ სარჩელში მოპასუხედ დასახელებულია მხოლოდ შპს "ალია ჰოლდინგი", - ნათქვამია განცხადებაში.
რაც შეეხება, კობერიძის მიერ მოთხოვნილ მორალური ზიანის ანაზღაურებას, "ალია ჰოლდინგის" ადვოკატი განცხადებაში აღნიშნულია, რომ ოთარ კობერიძის მოთხოვნა ამ ნაწილშიც დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა და ის ვერ ადასტურებს ზიანის არსებობის ფაქტს.
"აქედან გამომდინარე, 50,000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა მიმართულია შპს `ალია ჰოლდინგის~ მიმართ ანგარიშსწორებისა და მისი პარალიზებისკენ. უნდა ითქვას ისიც, რომ ოთარ კობერიძის მიამართ საზოგადოების ინტერესი გაჩნდა მას შემდეგ, რაც მან პრესის საშუალებით, კერძოდ: გაზეთ `ასავალ-დასავალში~ გააკეთა პოლიტიკური განცხადებები და გია ბურჯანაძის, ელიზბარ ჯაველიძის, რეზო ესაძის, სოსო ჯაჭვლიანის, ნონა გაფრინდაშვილისა და ნინო ბურჯანაძის მიმართ, სადაც თქვა, რომ ზემოხსენებული ადამიანები სახრჩობელაზე არიან ჩამოსაკიდებლები", - ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ შპს "ალია ჰოლდინგი" ადასტურებს, რომ ოთარ კობერიძესთან არ მიმდინარეობს არანაირი მოლაპარაკება.
შგახსენებთ, რომ მსახიობი ოთარ კობერიძე "ალია ჰოლდინგს" ღირსების შელახვის გამო 50 000 ლარის ოდენობით კომპესაციას სთხოვს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" მსახიობის ადვოკატმა, ვახტანგ მაჭავარიანმა განუცხადა.
"სასამართლოში დაახლოებით ერთი თვის წინ შევიტანეთ "ალია ჰოლდინგის" წინააღმდეგ სარჩელი. ღირსების შელახვის გამო 50-ათასლარიან კომპესაციას ქრონიკაში გამოქვეყნებული სტატიის გამო ვითხოვთ. სტატიებში ბატონი ოთარი პედოფილიასა და ბავშვების გარყვნაშია დადანაშაულებული, რაშიც "ალია ჰოლდინგიც" ეთანხმება", - განაცხადა მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, მოსამზადებელი სხდომა 17 ნოემბერს დაინიშნა. მაჭავარიანს თქმით, სასამართლო პროცესამდე მსახიობი არავისთან შეხვედრას და მოლაპარაკებას არ აპირებს.
"მოლაპარაკება არ გვქონია და არც ვაპირებთ, ერთი უბრალო მიზეზის გამო: ძალიან შეურაცხყოფილად გრძნობს ბატონი ოთარი თავს. თანაც ჩვენი პოზიციაა, რომ ერთხელ და საბოლოოდ გაირკვას, რისი უფლება აქვს პრესას და რისი არ აქვს. სად გადის წითელი ხაზი. პრესისა და სიტყვის გამოხატვის თავისუფლების კანონს ურევენ ერთმანეთში. ვერ გაურჩევიათ კანონი და ცილისწამება და, აქედან გამომდინარე, ეს უნდა იყოს საჩვენებელი პროცესი", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" მაჭავარიანმა.