ლიბიაში, სადაც სულ მცირე ხნის წინ მუამარ კადაფის რეჟიმი დაამხეს და სისხლისმღვრელი სამოქალაქო ომი დაასრულეს, თავისი მასშტაბებით უპრეცედენტო და აღმაღფოთებელი კულტურულ-ისტორიული ფასეულობების ქურდობა მოხდა. ბოროტმოქმედებმა ნაციონალურ კომერციულ ბანკში შეღწევა და ე.წ. "ბელღაზის საგანძურის" - ელინიზმის ხანის ათასობით ოქროსა და ვერცხლის მონეტისა და სხვა ისეთი უძველესი ნივთების მოპარვა შეძლეს, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ მუზეუმს დაამშვენებდა. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი "The Daily Mail"-ი ავრცელებს.
ექსპერტები ამ ქურდობას არქეოლოგიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ქურდობად მიიჩნევენ. ბოროტმოქმედთა ძებნაში უკვე ჩაერთო ინტერპოლი და "იუნესკო".
ერთ-ერთი ლიბიელი არქეოლოგის, ხაფედ ვალადის ვარაუდით, რომელიც ლონდონის სამეფო კოლეჯის თანამშრომელია, საგანძურის მოპარვაში ბანკის თანამშრომლები არიან გარეულნი. როგორც ჩანს, მათ ქვეყანაში არსებული ქაოსით ისარგებლეს და საგანძური მოიპარეს.
"ეს გააკეთეს ადამიანებმა, რომლებმაც კარგად იცოდნენ, რას ეძებდნენ", _ აცხადებს არქეოლოგი.
ირკვევა, რომ ეს ქურდობა ჯერ კიდევ 2011 წლის მაისში მოხდა, მაგრამ მის შესახებ ცნობილი მხოლოდ ახლა გახდა. ლიბიის ნაციონალური გარდამავალი საბჭო კი მთელი ამ დროის განმავლობაში ამ სამარცხვინო ფაქტს მალავდა და ამას იმიტომ აკეთებდა, რომ საერთაშორისო დონეზე მისი იმიჯი არ დაზარალებულიყო. არც ისაა გამორიცხული, რომ ახალ ხელისუფლებას უბრალოდ, ბანკში რევიზიის ჩატარებისთვის არ ეცალა.
საგანძურის გაქრობის წინ ბანკში ხანძარი გაჩნდა. მაშინ მიიჩნიეს, რომ ხანძარი ქალაქში მიმდინარე ბრძოლების გამო გაჩნდა, თუმცა ახლა ირკვევა, რომ ამ გზით ბანკის გაძარცვა მოხერხდა. უკვე დადგენილია, რომ ბოროტმოქმედებმა 7,7 ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მონეტა მოიპარეს, რომელთა უმრავლესობა ალექსანდრე მაკედონელის დროს იყო მოჭრილი, ანუ ძველი წელთაღრიცხვის IV საუკუნეში. ამას გარდა, ბოროტმოქმედებმა ასევე მოიპარეს პატარა ქანდაკებები, სამაჯურები, მედალიონები, საყურეები, ბეჭდები და ძვირფასი თვლები. სულ კოლექციაში 10 ათასამდე ნივთი შედიოდა.
არქეოლოგები მოტაცებულ კოლექციას ფასდაუდებელს უწოდებენ. წარმოდგენა იმისა, თუ რა ღირებულების საგანძური იქნა გატანილი ბანკიდან, დაახლოებით მხოლოდ ერთი ფაქტით შეიძლება: 2011 წელს, ოქტომბერში, ერთადერთი ბერძნული მონეტა კართაგენიდან, იმის მსგავსი, რომელიც "ბენღაზის საგანძურის" კოლექციაში ათასობით იყო, პარიზის აუქციონზე 431 ათას აშშ დოლარად გაიყიდა.