საქართველოს პარლამენტის შენობის წინ 14-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ ერთობლივი აქცია "ჩვენ 99% ვართ" გამართა. როგორც თავისუფალ ასოციაციათა კავშირის" ხელმძღვანელმა და აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ალექსანდრე შალამბერიძემ განაცხადა, აქცია "ყველა იმ ტერორის, ეკონომიკური წნეხისა და უსამართლობის წინააღმდეგ არის მიმართული, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს საკუთარი მოქალაქეების 99%-ის წინააღმდეგ.
"აღნიშნული აქცია იქნება მსხვილი საზოგადოებრივი მოძრაობის დასაწყისი. მოძრაობის მიზანია, წინ წამოსწიოს ყველაზე პრობლემური საზოგადოებრივი საკითხები. ამასთან მოძრაობა - "ჩვენ 99% ვართ", ახსენებს ხელისუფლებას, რომ მოძრაობის წევრების მიერ წამოწეული პრობლემის გადაწყვეტა, არის სახელმწიფოს კომპეტენცია. მოძრაობის წევრები ვახსენებთ სახელმწიფო ჩინოვნიკებს, რომ სახელმწიფო არის ე.წ. ხელშეკრულება-შეთანხმება, რომელიც იდება მოქალაქეებსა და სახელისუფლებლო ჩინოვნიკებს შორის. მოქალაქეები უხდიან ჩინოვნიკებს ხელფასს, ხოლო ჩინოვნიკები ემსახურებიან მოქალაქეებს", - განაცხადა შალამბერიძემ.
აქციის ორგანიზატორების თქმით, ბოლო დროის საქართველოში, სახელმწიფომ დაკარგა თავისი იდეური ფუნქცია, სახელმწიფო ხელისუფლების სახით არ იცავს საკუთარ მოქალაქეებს და ვერ უზრუნველყოფს საზოგადოების ნორმალურ, თანამედროვე გამოწვევების შესაბამის განვითარებას.
"მოძრაობის იდეის ქვეშ გაერთიანებული ორგანიზაციები, მათი სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე აყენებს პრობლემებს, ამ პრობლემების გადაწყვეტაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ხელისუფლებამ. ჩვენი პოზციიით, ქართული საზოგადოება რეალურად გაიყო ორ ნაწილად, ერთ მხარეს დგას მოქალაქეების 99%, რომელთა წინაშე გაჩენილი პრობლემები, ბარიერის მიღმა დარჩენილი 1%-ის უპასუხისმგებლობითა და თავნებობით არის გამოწვეული", - აღნიშნეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
მოძრაობაში "ჩვენ 99% ვართ" გაწევრიანებულები არიან "თავისუფალ ასოციაციათა კავშირი", "სოლიდარობა ეროვნული ინტერესებისთვის", "უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის". "დევნილთა სამოქალაქო მოძრაობა", "ვეტერანები ვეტერანებისთვის", "ბინათმოსარგებლეების უფლებათა დაცვის ასოციაცია", "მაუდის წვრილ აქციონერთა ასოციაცია", "დედა ენა", "დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაცია", "ტურისტული განვითარების ახალგაზრდული კლუბი", "საქართველოს პედაგოგთა და მშობელთა ასოციაცია", "თვითმმართველობის ინსტიტუტი", "თბილისელი უსახლკაროები სახლკარისთვის", "გარე მოვაჭრეთა ლიგა" და "თავისუფალ მოვაჭრეთა ასოციაცია".