დედაქალაქის მერია პროექტ „თბილისის ადვოკათთან" დაკავშირებით მოსახლეობის ფართომასშტაბიან ინფორმირებას იწყებს.
„დღეიდან დამატებითი დაფინანსებით ამ პროექტის გაფართოება იწყება, რაც საშუალებას მისცემს თბილისლებს უფრო მეტად ჩაერთონ ამ პროექტში. დამატებითი დაფინანსება ითვალისწინებს, როგორც სამართლებრივი კუთხით დახმარებას, ასევე სარეკლამო მუშაობასაც. ვებგვერდის მომზადებას, კონსულტაციებს და ა.შ.", - განაცხადა თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის სამსახურის უფროსმა, მამუკა ქაცარავამ.
პროექტის ფარგლებში დარიგდება საინფორმაციო ბუკლეტები, დამზადდება სარეკლამო რგოლები, აგრეთვე მოქმედებს ონლაინ კონსულტაციები.
პროექტის ხანგრძლივობა 20 თვეს შეადგენს და მოსახლეობის, მათ შორის სოციალურად დაუცველთა, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელთა იურიდიულ დამხარებას ითვალისწინებს.