საქართველოს მთვავრობის ათ პუნქტიანი გეგმის თანახმად, პროფესიული განათლების ამოცანაა უკეთესი დასაქმებისათვის შესაძლებლობების შექმნა, რაც უნდა ემყარებოდეს შრომის ბაზრის მოთხოვნებზე რეაგირებას, არჩევანის თავისუფლებას, მეწარმეებთან თანამშრომლობას, ხოლო უმაღლესი განათლების სისტემამ უნდა უზრუნველყოს საერთაშორისო დონის განათლება საქართველოს ახალგაზრდობის გლობალური კონკურენტუნარიანობისათვის როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის დონეზე, მათ შორის, ბოლონიის პროცესის ფარგლებში ევროპულ და გლობალურ აკადემიურ სისტემაში ინტეგრაციის გზით.
მთავრობაში მიიჩნევენ, რომ ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შექმნა ბათუმში ამ პროგრამის განხორციელების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი გახდება. ამ უნივერსიტეტის მიზანი იქნება საქართველოში ჩამოყალიბდეს სასწავლო სამეცნიერო ცენტრი რომლის მთავარი მიმართულებები იქნება საინჟინრო დისციპლინები, საინფორმაციო ტექნოლოგიები და სოფლის მეურნეობა. ამავე უნივერსიტეტის ბაზაზე შეიქმნება ტექნოლოგიური პარკი რომლის მიზანი იქნება მეცნიერული მიღწევების კომერციულ პროექტებად გარდასახვა. უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევების ინფრასტრუქტურა უნდა იყოს ინტეგრირებული და უზრუნველყოფდეს პედაგოგიური და სამეცნიერო პროცესების სინერგიას.
გეგმის თანახმად, უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა ეთნიკური უმცირესობებისა და სხვადასხვა სოციალური ფენის უფრო მაღალი ჩართულობით უნდა გაღრმავდეს.