მოცეკვავე ლატავრა ფოჩიანი 72 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ლატავრა ფოჩიანი დაიბადა 1939 წლის 16 ივლისს ლენტეხის რაიონის სოფელ ლექსურაში. 1965 წლიდან 1982 წლამდე იყო საქართველოს სახელმწიფო აკადემიური დამსახურებული ანსამბლის პრიმა ბალერინა. შემდგომში ილიკო სუხიშვილის სახელობის ქართულ ხალხურ ბალეტად წოდებულ ანსამბლში გაიშალა მისი შემოქმედებითი შესაძლებლობანი, გამდიდრდა და დაიხვეწა მისი საშემსრულებლო რეპერტუარის ტექნიკური და გამომსახველობითი საშუალებანი.
ქართული ხალხური ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარების საქმეში ხანგძლივი და ნაყოფიერი მუშაობისათვის იგი დაჯილდოებულია საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით (1967), მინიჭებული აქვს საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტის (1971 წელი) და საქართველოს სახალხო არტისტის (1980 წ.) საპატიო წოდებები.