საქართველომ რუსეთისთვის ვმო-ში გასაწევრიანებლად მწვანე შუქის ანთება საერთაშორისო ზეწოლის შედეგად მიიღო. პროცესების ასეთი, შესაძლო განვითარების შესახებ The Wall Street Journal-მა მასალა რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა, რაც ფაქტობრიბად დადასტურდა კიდეც.
The Wall Street Journal-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნული, იყო, რომ ევროკავშირმა თბილისს ნათლად აუხსნა, რომ კომპრომისის მიუღწევლობის შემთხვევაში ვმო დაარღვევდა კონსესუსის პრინციპს და რუსეთი ორგანიზაციაში ხმების უმრავლესობით - საქართველოს თანხმობის გარეშე გაწევრიანდებოდა.
ქართული მხარის თანმობა ევროკომიისიის აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის სამმართველოს დირექტორის გუნარ ვიგანდის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც The Wall Street Journal-ის ინფორმაციით ქართულ მხარეს ნათლად განუმარტა, რომ ევროკავშირი ვმო-ს კონფერენციაზე, რომელიც 15-17 დეკემბერს უნდა გაიმართოს რუსეთის გაწევრიანების საკითხს ხმის უმრავლესობით - თბილისის თანხმობის გარეშე გადაწყვეტს.
სწორედ ამ განცხადების შემდეგ საქართველომ შვეიცარიის მეშვეობით წარმოდგენილ წინადადებაზე თანხმობა განაცხადა.
„წინადადება გულისხმობს სპეციალური მექანიზმის შექმნას, რომელიც, თავის მხრივ, გააკონტროლებს ტვირთების გადაადგილებასა და მიმოქცევას იმ დერეფნებში, რომლებიც საქართველოსა და რუსეთის გამაერთიანებელი ტერიტორიების საზღვრებზე მდებარეობს", _ აცხადებს "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე.
ქართული მხარე არ აკონკრეტებს თუ როგორ განხორციელდება კონტროლი, რა მექანიზმები იქნება ამისათვის გამოყენებული და რა გარანტიები არსებობს მართებული ინფორმაციების მისაღებად.
რუსული მედია კი აცხადებს, რომ საქართველოს მხრიდან ევროკავშირის ულტიმატუმზე უარის თქმა იქნებოდა „სახის დაკარგვა" საერთაშორისო არენაზე.
თუმცა ფაქტია, რომ რუსეთის ვემოში გაწევრიანება მეტწილად დასავლეთის და აშშ-ის ინტერესებში შედიოდა ვიდრე თავად რუსეთის, რომელიც ორგანიზაციაში გაწევრიანების შემდეგ იძულებული ხდება საერთაშორისო წესებით ითამაშოს.
არც ის გარემოებაა დასავიწყებელი, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ღიად დატოვა, თავად კი მოუგვარებელ საკითხებს კულუარულად ალაგებდა.
ექსპერტი მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში რაც საქართველოსა და რუსეთს შორის ეს კამათი მიდიოდა, იყო კიდევ გარკვეულწილად შეთანხმებითი პროცესი ევროკავშირსა და რუსეთს შორის ჯერ კიდევ შეუთანხმებელ რიგ საკითხებზე.
"ევროკავშირი მომხრე არ იყო, ამ პირობების გარეშე რუსეთი შესულიყო ვმო-ში. თუმცა საზოგადო ლაპარაკის დროს ამბობდნენ საპირისპიროს, რომ მათ რუსეთის ვმო-ს წევრობა სურდათ. სინამდვილეში, უთანხმოების რამდენიმე ფაქტორი არსებობდა. მათ შორის, სატვირთო და სამგზავრო თვითმფრინავების გადაადგილების რეჟიმი რუსეთის ტერიტორიის თავზე. აღნიშნულთან დაკავშირებით ევროკავშირი და რუსეთი ტარიფებზე ვერ თანხმდებოდნენ", _ აცხადებს არეშიძე და აღნიშნავს, რომ თუ საქართველო და რუსეთი საზოგადოდ იბრძოდნენ, ევროკავშირი იქ ჩუმად ცდილობდა, რაღაც მოეგვარებინა.
აქვე ისიც აღსანიშნავია, რომ საქართველოს „საჯარო სიჯიუტე" უნაყოფო აღმოჩნდა და საკუთარი იძულებითი თანხმობიდან მან ვერავითარი სარგებელი ვერ ნახა. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებამ ვერ განსაზღვრა ის გარემოება, რომ ვმო-ში გაწევრიანების საპირწონედ რუსეთი საქართველოს დეოკუპაციას არ მოახდენდა. ფაქტია, რომ იმის მიუხედავად, რომ ეს მოთხოვნა ღიად არ გაჟერებულა, ქართული მხარის ინტერესს, სწორედ ეს გარემოება და რუსეთისთვის საკუთარი შესაძლებლობის დანახება წარმოადგენდა.
ამ ფონზე, ქართული ანდაზისა არ იყოს „ბევრის მდომმა ცოტაც დაკარგა". ქართველი ექსპერტების ერთი ნაწილი რუსეთ საქათველოს ხანგრძლივი მოლაპარაკებების პერიოდში არაერთხელ ურჩევდნენ საქართველოს ხელისუფლებას, რომ გამოეჩინა პრაგმატიზმი და ეს პროცესი რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის დასაბრუნდებლად გამოეყენებინა.
არ უნდა დაგვავიწყდეს ის გარემოება, რომ დიდი ალბათობით სამომავლოდაც რუსეთს შეუძლია თქვას, რომ ის გზას უხსნის ქართულ პროდუქციას თავის ბაზარზე და იცავს ვმო-ს დადგენილ ნორმებს, მაგრამ პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით რუსეთის მთავარმა სანიტარმა, შესაძლოა, კვლავ განაცხადოს, რომ იმავე ქართულ ღვინოებში პესტიციდების დაუშვებლად მაღალი რაოდენობაა.
ამჟამად კი „ხატოვნად" რომ ვქვათ, საქართველოს გადაწყვეტილება ქართულ პოლიტიკაში „საერთაშორისო პესტიციდების" სიჭარბის ბრალია. პოლიტიკურ პრაგმატიზმზე არაფრის თქმა არ ღირს, რადგან ასეთი ცნება საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკაში არც არსებობს.