შალვა რამიშვილი, რომელიც გადაცემის „აკრედიტაციის გარეშე" გადასაღებად გუშინ, ახმეტაში მიდიოდა, ავარიაში მოჰყვა. ვაზიანი - გომბორი - თელავის გზაზე ავტომანქანამ, რომლითაც „მაესტროს" ჟურნალისტები გადაადგილდებოდნენ, ვეღარ დაამუხრუჭა და დაიმტვრა. მანქანაში მყოფთაგან არავინ დაშავებულა.
წინასწარი ინფორმაციით, მანქანის მუხრუჭი მწყობრიდან მოულოდნელად გამოვიდა.
საგზაო - სატრანსპორტო შემთხვევის შემდეგ შალვა რამიშვილი ახმეტაში მაინც ჩავიდა, სადაც სიუჟეტი გადაიღო პოლიტიკური ნიშნით ზაქარია ქინქლაძის და მისი ოჯახის წევრების დევნის ფაქტზე.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი განცხადების გავრცელების გამო, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს ზაქარია ქინქლაძეს სამეწარმეო საქმიანობისთვის ნაქირავები ფართი დააცლევინეს, განცხადების გავრცელებიდან მეორე დღეს სამსახურიდან გაათავისუფლეს მისი შვილი ლევან ქინქლაძე.