საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი მიიჩნევს, რომ საბერძნეთის ევროზონაში მიღება შეცდომა იყო. ამის შესახებ სარკოზიმ ერთ-ერთ ფრანგულ ტელეარხთან ინტერვიუში განაცხადა.
ბი-ბი-სის ინფორმაციით, ინტერვიუში სარკოზიმ მოულოდნელი განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ 2001 წელს საბერძნეთის ევროზონაში მიღება არასწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან ოფიციალურმა ათენის მიერ წარმოდგენილი ეკონომიკური მაჩვენებელი სინამდვილეს არ შეესაბამებოდა.
ამავდროულად, სარკოზიმ იმედი გამოთქვა, რომ საბერძნეთის ამჟამინდელი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს რათა ვითარება გამოასწოროს.
„საბერძნეთს, რომ დეფოლტი გამოეცხადებინა ამას მოყვებოდა დომინოს პრინციპი, რომელიც ყველას მოიცავდა", - განაცხადა სარკოზიმ.
საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინიტრმა სტავროს ლამბრიდისმა სარკოზის საპასუხოდ აღნიშნა, რომ ყველა პრობლემის მიუხედავად საბერძნეთი არ წარმოადგენს ევროზონის კრიზისის მიზეზს.
„იმავე მოვლენებს ვაკვირდებით პორტუგალიაში, ირლანდიაში, ესპანეთში და იტალიაში. უშედეგოა ერთი ქვეყნის დადანაშაულება, თუ საქმე საერთოევროპულ პრობლემასთან გაქვს", - განაცხადა საბერძნეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.