საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიგი წერეთელი სიტყვით გამოვიდა მსოფლიო მოსახლეობის 7-მილიარდიან ნიშნულთან დაკავშირებით ეროვნულ მუზეუმში გამართულ ღონისძიებაზე, რომლის ინიციატორია გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობა.
31 ოქტომბერს პლანეტის მოსახლეობის რაოდენობა 7 მილიარდს მიაღწევს, 24 ოქტომბერს კი მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ჩაირთო მრიცხველი და დაიწყო 7-მილიარდიანი ნიშნულის ათვლა.
წერეთელმა აღნიშნა, რომ ეს ფაქტი მოითხოვს მსოფლიოს ყველა ქვეყნის მთავრობის გააქტიურებას, რესურსების მობილიზებას და უფრო ეფექტურ ეკონომიკურ მექანიზმებს, რათა ადამიანები უზრუნვეყოფილნი იყვნენ სათანადო, ღირსეული ცხოვრების პირობებით. სწორედ ამ საერთო მიზნის მიღწევას ემსახურება გაეროს საპროგრამო დოკუმენტი "ათასწლეულის დეკლარაცია" და კონკრეტულად ჩამოყალიბებული "ათასწლეულის განვითარების მიზნები", რომლებიც 2015 წლისთვის შესაბამისი ინდიკატორების მიღწევის შემთხვევაში, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებენ მსოფლიო მოსახლეობის ცხოვრების დონეს. საქართველოს "ათასწლეულის განვითარების მიზნების" საპარლამენტო ჯგუფი სწორედ ამ მიმართულებით გასატარებელ ღონისძიებებს უწევს კოორდინაციას. მან ასევე აღნიშნა გაეროს მოსახლეობის ფონდის დიდი წვლილი საქართველოში რეპორდუქციული ჯანმრთელობის, გენდერული თანასწორობის და მოსახლეობის განვითარების სფეროში მიღწეულ წარმატებებში.
წერეთელმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ საქართველო მსოფლიოსთვის მეტად მნიშვნელოვანია თავისი წარსულით, როგორც პირველი ევროპელების და ღვინის სამშობლო, უნიკალური კულტურით, ტრადიციებით და ბუნებრივი პირობებით, თუმცა XXI საუკუნის გამოწვევები მოითხოვენ ახლებურ მიდგომებს და მიზანმიმართულ აქტიურობას, რათა საქართველომ ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს მსოფლიო საზოგადოებრიობაში არამარტო წარსულით, არამედ თანამედროვე მიღწევების ხარჯზე.
ღონსძიებაზე დამსწრე საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართეს საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა თამარ ხომასურიძემ, გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში ჯემი მაკგოლდრიკმა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა ზაზა ჭელიძემ.