საზოგადოებრივი მაუწყებელი ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნოს დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით საპასუხო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ჯი-ეიჩ-ერნი" უცვლელად გთავაზობთ.
"საზოგადოებრივ მაუწყებელსა და ივანიშვილის პრესსამსახურს შორის ნამდვილად მოხდა შეთანხმება პრესკონფერენციის პირდაპირი ეთერით უზრუნველყოფის შესახებ. შეთანხმებაზე ინფორმაცია იმავე დღეს საინფორმაციო სააგენტოებს და მედია საშუალებებს დაუდასტურეს მაუწყებელმაც და თავად ირაკლი ტრიპოლსკიმაც. ორივე მხარის მიერ გავრცელებულ განცხადებებში, დაანონსებული იყო ბრიფინგის დანიშვის დრო და თარიღი.
რაც შეეხება ივანიშვილის პრესსამსახურის პრეტენზიას, თითქოს ბრიფინგის ანონსირება უნდა მომხდარიყო საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით, ასეთი შეთანხმება ვერ მოხდებოდა თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არასდროს არ ახდენს ცალკეული პირების ბრიფინგების ინდივიდუალურ სატელევიზიო ანონსირებას.
შეთანხმებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ივანიშვილის პრესსამსახურის მხრიდან გამოთქმული დაუსაბუთებელი პრეტენზია იწვევს ეჭვს, რომ ივანიშვილს თავად აღარ სურს პრესკონფერენციის ჩატარება და ამის საბაბად საზოგადოებრივ მაუწყებელს ასახელებს.
საზოგადოებრივი მაუწყებელი, ძალაში ტოვებს შეთავაზებას. თუ ივანიშვილი პრესკონფერენციას ჩაატარებს, მაუწყებელი უზრუნველყოფს პირდაპირ ტრანსლირებას - სამშაბათს, 1 ნოემბერს, 16.00 საათზე"-აღნიშნულია "საზოგადოებრივი მაუწყებლის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში".
ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნომ დღეს განცხადება გაავრცელა და საზოგადოებრივ მაუწყებელი პირობის დაარღვევაში დაადანაშაულა.
"ორშაბათს, 24 ოქტომბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობასა და ბიძინა ივანიშვილის პრესმდივან ირაკლი ტრიპოლსკის შორის მოხდა შეთანხმება. გადაწყდა, რომ ბიძინა ივანიშვილის პირველი სატელევიზიო ეთერი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში 2011 წლის 1 ნოემბერს, 16:00 საათზე გაიმართება. ამ შეთანხმების თანახმად, ბიზნესმენის მხარემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობისგან მიიღო გარანტია, რომ აღნიშნულ საკითხზე განცხადება გავრცელდებოდა პირველი არხის ეთერში. სამწუხაროდ, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პირობა დაარღვია და ოფიციალური განცხადება მიღწეული შეთანხმების შესახებ მათი მხრიდან ამ დრომდე არ გაკეთებულა. ვიმედოვნებთ, საზოგადოებრივი მაუწყებელი თავის დაპირებას შეასრულებს, გაავრცელებს განცხადებას მიღწეული შეთანხმების შესახებ და მოახდენს პრესკონფერენციის ანონსირებას", - ნათქვამია განცხადებაში.