თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში 27 ოქტომბერს 15:00 საათზე იაკობ გოგებაშვილის 171 წლის იუბილესთან დაკავშირებით, დიდი საზოგადო მოღვაწის უცნობი მემორიალური ნივთებისა და არქივის პრეზენტაცია გაიმართება.
აღნიშნული ნივთები მუზეუმს მიმდინარე წელს იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირმა გადმოსცა, რომლებიც ათეული წლების განმავლობაში აგროვებდენ დიდი ქართველი განმანათლებლის ნივთებს. ხელოვნების სასახლისთვის ამ ექსპონატების უსასყიდლოდ გადმოცემა იმით იყო განპირობებული, რომ მუზეუმში დაცული გოგებაშვილის არქივის ნაწილი ერთ კოლექციად გაერთიანდა. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ იაკობ გოგებაშვილის მემორიალური ნივთები და არქივი განსაკუთრებულ ეროვნულ იშვიათობას წარმოადგენს და ფართო საზოგადოებისთვის მიუწვდომელი იყო.
გადმოცემული საგანძური განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რადგან აქ დაცულია დიდი განმანათლებლის დღემდე უცნობი ნივთები: სამუშაო კაბინეტის ავეჯი, ამპირის სტილის ტახტრევანი სავარძლებით, ბროლისაგან დამზადებული სარკე, გოგებაშვილის მაგიდის გარნიტური, ბროლისა და საქსის ფაიფურისგან დამზადებული მემორიალური ჭურჭელი, მაგიდის ლამპა, რომლის შუქზეც გადმოცემის მიხედვით „დედა ენა" დაიწერა.
იაკობ გოგებაშვილის ხელნაწერი არქივი შეიცავს წერილებს, მის პირად პასპორტს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მის ანდერძს ქართული საზოგადოებისადმი.
გადმოცემულ ექსპონატებს შორის არის იაკობ გოგებაშვილის საფულე და ბრინჯაოს ქანდაკება, რომელიც დიდ განმანათლებელს მთელი ცხოვრება მაგიდაზე ედგა.
ბეჭდური გამოცემებიდან განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია „დედა ენის" პირველი გამოცემები და გოგებაშვილის მიერ შედგენილი „რუსკოე სლოვოს" ტყვიის ასოები სტამბისთვის.