21 ნოემბერს რუსთაველის თეატრში მერი დავითაშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართება. როგორც ღონისძიების ორგანიზატორმა, მომღერალმა ირმა სოხაძემ "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, მას ეს იდეა უკვე რამდენიმე წელია გაუჩნდა.
"4 წლის წინ გამიჩნდა იდეა და მინდოდა, მერი დავითაშვილის შემოქმედებითი საღამო გამემართა, თუმცა ჯერ "კულტურის სამინისტრომ" მთხოვა გავჩერებულიყავი, იმიტომ რომ მათ სურდათ გაკეთება, მაგრამ არ გამოვიდა. მერე, ნიკა მემანიშვილს უნდოდა და მოკლედ არაფერი რომ არ გამოვიდა, გადავწყვიტე, არავის დაველოდო და გავაკეთო ჩემი საქმე", - აღნიშნა სოხაძემ.
შემოქმედებითი საღამოს პროგრამა ჯერ არ შედგენილა, თუმცა, როგორც კონცერტის სამხატვრო ხელმძღვანელი აცხადებს, საღამოზე დავითაშვილის ძველი და ახალი სიმღერები შესრულდება.
"მე ვარ მისი სიმღერების შემსრულებელი და ერთგვარად ვალშიც კი ვარ მის წინაშე. ქალბატონი მერი სულ მუშაობს, მაგრამ ჯერ მარტო "წუნა და წრუწუნა" და "ჩხიკვთა ქორწილი" ეყოფა ერთი კონცერტის ჩატარებას. ვნახოთ, იქნება მისი ძველი და ახალი ნამუშევრების თავმოყრა", - განაცხადა სოხაძემ.
შეგახსენებთ, რომ 10 ოქტომბერს კომპოზიტორ მერი დავითაშვილს საპატიო თბილისელის წოდება მიენიჭა. როგორც მან "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, ის თბილისის ძირძველი მკვიდრია.
"მართალი არ ვიქნები, თუ გეტყვით, რომ არ ველოდი. ნამდვილად ვიცოდი, რომ ეს ოდესმე მოხდებოდა. ძალიან მიხარია, იმიტომ რომ მე მართლაც თბილისის მკვიდრი ვარ. მე-18 საუკუნიდან ჩემიანები აქ ცხოვრობენ. ძალიან მიყვარს ჩემი დედაქალაქი", - განაცხადა დავითაშვილმა.
წლების მიუხედავად, კომპოზიტორი განაგრძობს მუშაობას. მან "ჯი-ეიჩ-ენთან" აღნიშნა, ის ყოველდღე მუშაობის პროცესშია.
"ბოლო პერიოდში მაინც განსაკუთრებულად ვმუშაობ, ყოველდღე მუშაობის პროცესში ვარ და ძალიან ბევრ საინტერესო რაღაცას ვქმნი. ბოლოს ვაჟას ტექსტებზე ვმუშაობდი, ასევე, რომანსებზე და საგალობლებზე", - თქვა კომპოზიტორმა.
შეგახსენებთ, რომ დავითაშვილი 150-ზე მეტი საბავშვო სიმღერის, საბავშვო სიმღერების კრებულების, ციკლების, ინსტრუმენტული პიესების, სონატინების, ანსამბლების ავტორია. ყველა მათგანმა ბავშვთა, შემსრულებელთა და მსმენელთა დიდი სიყვარული დაიმსახურა. მისი საბავშვო სიმღერების ციკლები და კრებულები ბავშვთა არაერთი თაობის აღმზრდელია. ნაყოფიერია მერი დავითაშვილის მოღვაწეობა თეატრსა და კინოშიც. ჯერ კიდევ ახალგაზრდა კომპოზიტორმა მუსიკალურად გააფორმა სპექტაკლები ქუთაისის დრამატულ თეატრში, მარჯანიშვილის სახელობის თეატრში. მას მჭიდრო კონტაქტები ჰქონდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქის დრამატულ თეატრებთან, თბილისის თოჯინების ქართულ და რუსულ თეატრებთან. დავითაშვილის მიერ შექმნილი კინომუსიკა აქტუალობას დღემდე არ კარგავს. კომპოზიტორმა მულტიპლიკაციური და თოჯინური ფილმებისთვისაც შექმნა ნაწარმოებები. ყველა ბავშვისთვის საყვარელ ანიმაციურ ფილმებში "ჩხიკვთა ქორწილი", "მტრობა", "წუნა და წრუწუნა", "ნახევარწიწილა", "რწყილი და ჭიანჭველა" სწორედ მერი დავითაშვილის შემოქმედებაა აჟღერებული.