საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის თანამშრომლობა გრძელდება. საქართველოში განხორციელებული წარმატებული პროექტების შემდეგ, გერმანიის მთავრობამ საქართველოსთვის მორიგი გრანტის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
საუბარია დევნილი მოსახლეობის დახმარებასა და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე.
მიმდიანარე წარმატებული თანამშრომლობის შემდეგ, ხელი მოეწერა შეთანხმებას „საქართველოს მთავრობას და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ". იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისათვის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა საქართველოს მთავრობას გრანტის სახით 4 მლნ ევროს გამოუყოფს, რომელიც დასავლეთ საქართველოში საცხოვრებელი სახლების მშენებლობაზე დაიხარჯება.
როგორც მინისტრმა კობა სუბელიანმა აღნიშნა, ეს ყველაფერი შესრულებული სამუშაოების შედეგია. მისივე თქმით, დონორები ხედავენ და აფასებენ, რომ დევნილებისთვის გამოყოფილი თითოეული ევრო მიზანმიმართულად იხარჯება და იმ საქმეს ხმარდება, რისთვისაც გამოიყო.
გერმანიის მთავრობის დახმარებით დასავლეთ საქართველოში საცხოვრებელ ბინას 300 -ზე მეტი დევნილი ოჯახი მიიღებს. გერმანიის მთავრობის დაფინანსებით დევნილთა არაერთი საცხოვრებელი ობიექტი გარემონტდა. დასრულებულია სარეაბილიტაციო სამუშაოები წყალტუბოში, რეაბილიტაცია გრძელდება ფოთსა და ქუთაისში. მათი დასრულების შემდეგ კიდევ 160-ზე მეტი იძულებით გადაადგილებული ოჯახი თანამედროვე, კომფორტულ სახლში იცხოვრებს.