პენსიონერებს შეცდომით დარიცხული პენსიების სახელმწიფოსათვის უკან დაბრუნება აღარ მოუწევთ. საპენსიო ამნისტიასთან დაკავშირებული საკანონმდებლო წინადადება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა.
ახალი კანონპროექტის თანახმად, პენსიონერებს სათანადო საბუთების არასწორად წარდგენის შედეგად შეცდომით დარიცხული პენსიების სახელმწიფოსათვის უკან დაბრუნება აღარ მოუწევთ. ეს გადაწყვეტილება ერთჯერადი ღონისძიებაა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული ინიციატივა მეტად მნიშვნელოვანია, რის გამოც ის სწრაფად უნდა იყოს განხილული.
ეს საკითხი განსახილველად 28 ოქტომბერს პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შევიდა. ინიციატივა საპარლამენტო უმრავლესობას ეკუთვნის, რასაც მთავრობა ეთანხმება.