უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ პარტნიორებს შესთავაზა, უზრუნველყონ რუსეთთან ისეთი შეთანხმება, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის განადგურებას შეაჩერებს.
„უკრაინამ პარტნიორებს შესთავაზა, უზრუნველყონ რუსეთთან ისეთი შეთანხმება, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის განადგურებას შეაჩერებს. სურსათი, ენერგეტიკა და სხვა ელემენტები, რომლებიც ადამიანების ცხოვრების საბაზისო პირობებს უზრუნველყოფს, დაცული უნდა იყოს, მაშინ როცა რუსეთის დარტყმები, პირველ რიგში, სწორედ მათ წინააღმდეგ არის მიმართული.
ამასთან, უკრაინა დარწმუნებული არ არის, რომ რუსეთს რაიმე შეთანხმების შესრულება სურს. თუ პარტნიორები მზად არიან, უზრუნველყონ რუსეთის რეალური სურვილი, არ დაარტყას ჩვენს ელექტროენერგიის ქსელს, ენერგეტიკის სხვა ობიექტებს, კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და სურსათის ტრანსპორტირების სისტემებს, ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ, ჩვენი მხრიდანაც შესაბამისი დარტყმებისგან თავი შევიკავოთ.
კრიტიკულ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით დეესკალაციისკენ გადადგმული ნაბიჯი შეიძლება მშვიდობისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი გახდეს. პარტნიორებისგან კონკრეტულ წინადადებებს ველოდებით“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტს არ დაუსახელებია, კონკრეტულად რომელ პარტნიორებს მიმართა.
ზელენსკის განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინა დათანხმდა, რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმები არ განახორციელოს. რუსეთიც ანალოგიურ ქმედებაზე დათანხმდა.