გარემოს დაცვის მინისტრმა, გოგა ხაჩიძემ ბერა ივანიშვილს ბოდიში მოუხადა. მინისტრმა სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" თავის გვერდზე კომენტარი გამოაქვეყნა, რომელშიც ამბობს, რომ 16 წლის ბიჭის მიმართ ზედმეტად მომთხოვნი იყო. მინისტრი ამბობს, რომ ბერა ივანიშვილის ასაკი არ იცოდა.
"გარემოს დაცვის მინისტრი 16 წლის ბავშვს ებრძვის"-ო მსგავსი სათაურის სტატიები რომ ვნახე, პირველად მაშინ დავინტერესდი და გავიგე, რომ თურმე ბერა 16 წლის, ანუ ჩემი უფროსი ბიჭის თანატოლი ყოფილა. ჩემი შვილიც ცოტა ხნის წინ გახდა 16 წლის და დაბადების დღეზე, მთელი ჩემი დარიგებები და მოთხოვნები ორ კონკრეტულ პირობაში მოვაქციე: კანონი არ დაარღვიო და ზრდილობიანი იყავი-მეთქი. ვფიქრობ, მეტი მოთხოვნა სხვისი შვილების მიმართაც არ უნდა მქონდეს. მიუხედავად იმისა, რომ ბერა ივანიშვილის სიმღერების ტექსტი და ზოგადი კონტექსტი, ჩემის აზრით, მისსავე ასაკს არ შეესაბამება; მიუხედავად იმისა, რომ ცოტა უსამართლობად მიმაჩნია, მილიარდელის ოჯახში, ფუფუნებაში გაზრდილი ბავშვისგან "ქართულ ოცნებაზე" აგრესიული ტონით "რეპვა", გულახდილად ვაღიარებ, რომ კრიტიკა გადაჭარბებული გამომივიდა. გადაჭარბებული, ისევ და ისევ მისი ასაკის გამო. ვიღებ შენიშვნას, გარკვეულწილად ის სამართლიანი იყო!", - ნათქვამი "ფეისბუქში" მინისტრის მიერ გამოქვეყნებულ კომენტარში.
შეგახსენებთ, რომ მინისტრმა გოგა ხაჩიძემ, ბერა ივანიშვილის სიმღერას "აგრესიული ჩლიფინა რეპი" უწოდა. "რეპის ახალი მიმდინარეობა, აგრესიული ჩლიფინა რეპი", _ ასე შეაფასა მინისტრმა ბერა ივანიშვილის სიმღერა და მისი მუსიკალური მონაცემები.