ახმეტაში ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერთა საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა. საინიციატივო ჯგუფმა მიმართვა გაავრცელა, რომლითაც ისინი ბიძინა ივანიშვილს მხარდაჭერას უცხადებენ.
მიმართვის ტექსტი გაავრცელა, კახეთის საინფორმაციო ცენტრმა რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
„მოგესალმებით. მივესალმებით თქვენს გადაწყვეტილებას და გამარჯვებას გისურვებთ ბახტრიონელთა შთამომავალნი! ჩვენ იმ კუთხის შვილები ვართ, რომელმაც საქართველოს მრავალი საარაკო გმირი და მამულიშვილი აღუზარდა და რომელიც მუდამ მზად არის გაჭირვების ჟამს პირველი დაუდგეს მამულს. ამჟამინდელი ხელისუფლება, რომელსაც მთავარ მიზნად საკუთარი მმართველობის გახანგრძლივება დაუსახავს, ნაირგვარ ვერაგობას მიმართავს ამის განსახორციელებლად: ხალხის საინფორმაციო ვაკუუმში მოქცევა, დაშინება, არჩევნების თავხედური გაყალბებით საზოგადოებაში ნიჰილიზმის დათესვა, პოლიტიკური ოპონენტების მისამართით ათასგვარი ბინძური ჭორის აგორება და სხვა ამგვარი. რაღა შორს წავიდეთ და აგერ, თქვენი განცხადებისთანავე რამდენი სამარცხვინო და უკადრებელი ნაბიჯი გადაიდგა და კიდევ რამდენი აქვთ ალბათ დაგეგმილი. სადაც თქვენ, უმწიკვლო ბიოგრაფიითა და ქველმოქმედებით საქვეყნოდ ცნობილ ადამიანს ასეთ უდიერ ხრიკებს დაგახვევენ, წარმოიდგინეთ რა მდგომარეობაში ჰყავთ რიგითი ადამიანები. გვეამაყება რომ ახმეტა არის თითქმის მთელი აღმოსავლეთ საქართველოს ნაერთი და სახე მისი: - კახნი, თუშნი, ქისტნი, ფშაველნი, ხევსურნი, მთიულნი. ჩვენს წინაპრებს ეს მიწა ბახტრიონზე გამარჯვებისათვის უბოძეს სამკვიდროდ და ჩვენც ამ განცდით დავიზარდენით, რომ როგორც ბიძინა ჩოლოყაშვილმა ააფრიალა თავისუფლების დროშა, კვლავაც ერთად დავდგეთ და გავათავისუფლოთ ჩვენი სამშობლო მათგან, ვისაც საკუთარი სკამი კერპად და სალოცავად უქცევია. ეჭვიც არ გვაქვს, რომ მთელი საქართველო ამას ფიქრობს დღეს და თავკაცის გამოჩენასღა ელოდა", - აღნიშნულია მიმართვაში, რომელსაც ხელს 50 ადამიანი აწერს.