მსახიობი რამაზ ჩხიკვაძე დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, მეუღლის, ნატაშა ჩხიკვაძის გვერდით დაკრძალეს. რამაზ ჩხიკვაძე ძველი ქალაქური ჰანგების ფონზე დაკრძალეს, რომელიც "ქსოვრელებმა" შეასრულეს.
რუსთაველის თეატრიდან მსახიობი რამაზ ჩხიკვაძე საზოგადოებამ ტაშით გააცილა. თეატრის შესასვლელში გამოფენილი იყო მსახიობის პორტრეტები და სასცენო კოსტიუმები, ასევე სცენაზე მიმდინარეობდა ფრაგმენტები მის მიერ ნათამაშები თეატრსა და ფილმებში.
თეატრის სცენიდან მსახიობის კოლეგებმა და მეგობრებმა გამოსათხოვარი სიტყვები წარმოსთქვეს.
მასხიობის სამოქალაქო პანაშვიდი დღეს დილიდან რუსთაველის თეატრში მიმდინარეობდა.
თეატრში ხალხის ნაკადი არ წყდებოდა, მსახიობთან გამოსამშვიდობებლად უამრავი ადამიანი მივიდა - რამაზ ჩხიკვაძის კოლეგები, თაყვანისმცემლები, პოლიტიკოსები. მათ რამაზ ჩხიკვაძე უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს.
მსახიობი რამაზ ჩხიკვაძე 83 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. რამაზ ჩხიკვაძე 1928 წლის 28 თებერვალს თბილისში დაიბადა. 1951 წელს დაამთავრა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (მ.თუმანიშვილის მოწაფე). ამავე წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობია.
როლები: ლეანდრო (ჯ.ფლეჩერის "ესპანელი მღვდელი"), ვეფხია გაბიდაური (კ.ბუაჩიძის "ამბავი სიყვარულისა"), ქოსა მრჩეველი (გ.ნახუცრიშვილის "ჭინჭრაქა"), მაქჰითი (ბ. ბრეხტის "სამგროშიანი ოპერა"), ფადინარი (ე.ლაბიშის "ჩალის ქუიდ"), აკოფა (ა.ცაგარელის "ხანუმა"), კირილე მიმინოშვილი (დ.კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვალი"), შოშია (ნ.დუმბაძის "საბრალდებო დასკვნა") და სხვა. ახალი ეტაპია ჩხიკვაძის შემოქმედებაში რეჟისორ რობერტ სტურუას დადგმებში მონაწილეობა (ყვარყვარე, პ. კაკაბაძის "ყვარყვარე"; აზდაკი, ბ.ბრეხტის "კავკასიური ცარცის წრე"; შექსპირის "რიჩარდ მესამე", ლ.ფოფხაძისა და ა.ვარსიმაშვილის "ვარიაციები თანამედროვე თემაზე" და სხვა).
გადაღებული იყო კინოფილმებში: "ლონდრე", "ჩირიკი და ჩიკიტელა", ნატვრის ხე", "ნერგები" (ლუკა, 1974, მოსკოვის VIII საერთაშორისო კინოფესტივალზე მიენიჭა პრემია მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის), "ჭრიჭინა", "ვედრება", "ვერის უბნის მელოდები" და სხვა.
იყო სსრკ სახელმწიფო (1979), რუსთაველის (1980) და მარჯანიშვილის (1975) პრემიების ლაურეატი. დაჯილდოებული იყო ლენინის ორდენით, "საპატიო ნიშნის" ორდენითა და მედლებით.