რუსეთმა აშშ-ში შექმნილი ე.წ. მაგნიტსკის სიის საპასუხოდ ვაშინგტონის მაღალჩინოსნების ნუსხა შექმნა, რომელთა შესვლა რუსეთში არასასურველადაა მიჩნეული. ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა გააკეთა.
"ჩვენ რა თქმა უნდა ყურადღების მიღმა არ დაგვიტოვებია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მოწყობილი პოლიტიკური პროვოკაცია. ამიტომაც დადგენილია აშშ-ს მოქალაქეების ნუსხა, რომელთა შემოსვლა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არასასურველია. მასში ის ვაშინგტონელი მაღალჩინოსნები არიან შესულნი, რომლებიც ჰუმანიტარულ სფეროში არსებულ გახმაურებულ დანაშაულებებთან არიან კავშირში", _ აცხადებს ლუკაშევიჩი.
მისივე თქმით, მოსკოვი გააგრძელებს აშშ-ს მოქალაქეების ნუსხის გაფართოებას, რომელთაც მიუძღვით პასუხისმგებლობა რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ მართსაწინააღმდეგო მოქმედებების ჩადენაში.
ამასთან ერთად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი აცხადებს, რომ რუსეთი კვლავინდებურად აშშ-სთან თანამშრომლობისთვის მზადაა და სიის შედგენა რუსეთის "არჩევანი ნამდვილად არ იყო".
შეგახსენებთ, რომ ფონდ "Hermitage Capital Management"-ის თანამშრომელი სერგეი მაგნიტსკი 2009 წელს მოსკოვის საგამოძიებო იზოლატორში გარდაცვალა.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის კონგრესმენებმა შეადგინეს ე.წ. "მაგნიტსკის სია" რომელიც იმ რუსი ჩინოვნიკების მიმართ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს, რომლებიც ფიგურირებენ და სავარაუდოდ თანამონაწილენი არიან სერგეი მაგნიტსკის გარდაცვალებისა.
სენატორმა ბენჟამინ კარდინმა და კონგრესმენმა ჯეიმს მაკგროვერნმა ეს სია ჯერ კიდევ 2010 წლის აპრილში შეადგინეს და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს ანალოგიური თხოვნით მიმართეს. სიაში შეტანილია ყველა რუსული ძალოვანი უწყების წარმომადგენელი: "ეფ-ეს-ბეს", შს სამინისტროს, ფედერალური სასჯელაღსრულების დაწესებულების, ფედერალური საგადასახადო სამსახურის, გენპროკურატურის ასევე საარბიტრაჟო სასამართლოების წარმომადგენლები.
აშშ-ში შესვლისა და იქ ფინანსური ოპერაციების ჩატარების აკრძალვა შეეხება არა მხოლოდ მათ ვინც უშუალოდ პასუხისმგებელია მაგნიტსკის დაპატიმრებასა და საგამოძიებო იზოლატორში ჩასმაზე, სადაც იგი გარდაიცვალა კიდეც. ამ სანქციების ქვეშ შეიძლება მოყვნენ ადამიანები, რომლებიც "თანამონაწილენი არიან საბიუჯეტო თანხების დატაცებაში, რომლებიც ფონდ"Hermitage Capital Management"-ს რუსულმა კომპანიებმა გადასახადების სახის გადაიხადეს. სანქციების ქვეშ ასევე ხვდებიან ის ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ დაემალათ იურისტის დაპატიმრებისა და შემდეგ უკვე მისი გარდაცვალების ამბავი".
გავრცელებული ინფორმაციით, მაღალჩინოსანთა ამ სიას რუსეთის შს სამინისტროს საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი ალექსეი ანიჩინი უდგას სათავეში, რომელის რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულებით, გასული წლის იანვარში რუსეთის შს მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. ანიჩინი რუსეთის შს სამინისტროს საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი 2006 წელს გახდა, მაშინ ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იყო, რომელთანაც ერთად ანიჩინი სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა.
სენატორ კარდინის სიაში ასევე არიან: რუსეთის გენერალური პროკურორის მოადგილე ვიქტორ გრინი და რუსეთის "ეფ-ეს-ბეს" ეკონომიკური უსაფრთხოების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ვიქტორ ვორონინი. ამას გარდა, სიაში ასევე არიან რუსეთის შს სამინისტროს საგამოძიებო სამმართველოს მაღალჩინოსანი, პოდპოლკოვნიკი, შს სამინისტროს ეკონომიკური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელი არტემ კუზნეცოვი. სწორედ მას ჰქონდა წარმოებაში მაგნიტსკის საქმე. სწორედ მას ადანაშაულებდა მაგნიტსკი ბიუჯეტიდან თანხების დატაცებაში. სიაში ასევე ფიგურირებს მაიორი პაველ კარპოვი, რომელიც რუსეთის შს სამინისტროს საგამოძიებო კომიტეტში მუშაობს. მის წინააღმდეგ ჩვენება "Hermitage Capital Management"-ის იურისტსაც აქვს მიცემული.
რუსეთში აშშ-ს ინიციატივას შეურაცხმყოფელი უწოდეს. "ეს მხოლოდ და მხოლოდ შიდარუსული საქმეა და გამომძიებლები ჩვენი მოქალაქეების ინტერესების შესაბამისად მუშაობენ", _ აცხადებს
რუსეთის დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ კონსტანტინე კოსაჩოვმა და დასძინა, რომ "მსგავსი ინიციატივა ქმნის დამატებით ზეწოლად გამოძიებაზე და იგი არამიზანშეწონილია და რუსეთის სამართალდამცავ სისტემას შეურაცხყოფს".